გიგა ბოკერია

ბოკერია: სცენარი, რომ ვიღაც ბრუნდება და ვერ ბრუნდება იმიტომ რომ დევნილია, უნდა დასრულდეს

ტაბულა

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ქვეყანა ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეს და პოლიტიკური დევნილები აღარ უნდა იყვნენ.

"არ ვიცი, რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, როდის დაბრუნებას, მაგრამ ჩვენი, "ევროპული საქართველოს" და მე ვიტყოდი, საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ერთიდაიგივე სცენარი დასრულდეს. ეს ამბავი, რომ ერთი იძახის - დავბრუნდები და მეორე იძახის - ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება ქვეყნის გამოყვანა ამ ჩიხიდან...

...ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და ამაში იგულისხმება ისიც, რომ ეს დისკუსია, რომ ვიღაცა ბრუნდება და ვერ ბრუნდება და მეხუთეჯერ იძახის უკვე, რომ ბრუნდება და ვერ ბრუნდება, იმიტომ რომ დევნილია, უნდა დასრულდეს. პოლიტიკურ დევნას აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი. ეს ვითარება შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. რომ არიან პოლიტიკური დევნილები. პოლიტიკური დევნილები არიან, რა თქმა უნდა, და ჩვენ ამას დავასრულებთ არა მხოლოდ ერთი ფიგურისთვის, არამედ ყველასთვის."

ბოკერია ამბობს, რომ იმას, თუ ვინ რა დოზით იქნება პოლიტიკაში, ამომრჩეველი გადაწყვეტს:

"ვისი ადგილია და რა დოზით პოლიტიკაში ამას წყვეტს ამომრჩეველი და ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველას. ოღონდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენს ქვეყანას. ეს ასე ვერ მოხდება და არ მოხდება, მაგრამ დევნილი არავინ არ უნდა იყოს."

ბოკერიამ ასევე კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის შესაძლო წამოყენებაზეც:

"ყველა პოლიტიკური ძალის უფლებაა, რომ მას ვინც სურს ის დაასახელოს პრემიერად. ჩვენ ამ კანდიდატს [მიხეილ სააკაშვილს] მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ ჩვენი ხედვა გვექნება. [ჩემი პროგნოზით] ვერ მოხერხდება ამის გარშემო კოალიციის შეკვრა. კოალიციას შევკრავთ ჩვენ, ევროპული საქართველო, იმიტომ, რომ ხედვა გვაქვს ქვეყანა ამ ჩიხიდან როგორ გამოვიყვანოთ". - თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრუნდება.

"ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები"! – ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მან თქვა, რომ მიესალმებიან, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და, მისივე სიტყვებით, ექსპრეზიდენტს საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა. 

კომენტარები