პატრიოტთა ალიანსი

"შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი" - ბათუმის მერიამ "პატრიოტების" ბანერები ჩამოხსნა

თათია წულაძე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აჭარაში პარტრიოტთა ალიანსის ორი ბანერი ჩამოხსნეს და უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. 

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ბათუმში, ორ ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით." - წერია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - წერია პრორუსული პარტიის ბანერზე. ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

სარეკლამო ბანერს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრებიც. "შმატრიოტები" - დაწერა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძის თქმით კი, მას ბანერი "ფეიკი" ეგონა. მისივე სიტყვებით, ეს "რუსული დაკვეთაა საქართველოს წინააღმდეგ." 

ევროპული საქართველოს წევრისა და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, სარეკლამო ბანერი ტყუილით შუღლის გაღვივებაა, ხატია დეკანოიძემ კი მოითხოვა, პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მოიხსნას არჩევნებიდან, ხოლო პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას. 

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები