პატრიოტთა ალიანსი

ISFED ცესკოს: "პატრიოტების" რეკლამები შეიცავს ანტითურქულ და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს

თათია წულაძე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს პატრიოტთა ალიანსის Facebook გვერდზე განთავსებულ ექვს საარჩევნო კლიპს, მათი გამოყენებით შექმნილი Facebook რეკლამებისა და სააგიტაციო ბანერის თაობაზე, რომლებიც შეიცავს ანტითურქულ მოწოდებებს, მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.

"თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ Facebook მომხმარებელს მოიცავს.

თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას წარწერის სახით ახლავს მოწოდება – "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო", ხოლო პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი შემდეგი მოწოდებით გამოდის: "დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს".

პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული აღნიშნული ვიდეორეკლამები პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, საფრთხეს უქმნის საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, შეიცავს ეროვნული შუღლისა და მტრობის გაღვივების ნიშნებს და მიმართულია რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების წაქეზებისკენ.

საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის წესების დარღვევისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით". – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ცესკოს:

  • პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და წარუდგინოს ის სასამართლოს.
  • ვიდეორგოლების შინაარსისა და მისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, მოუწოდოს პარტიას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული ვიდეორგოლების გავრცელება და დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა.

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" – ეს წარწერა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის აჭარაში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზეა გაკეთებული, რომელიც პარტიამ 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ბათუმი-სარფის მაგისტრალზე განათავსა.

ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს. პარტია რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს, რაც მიუთითებს განზრახვაზე, პროვოკაციული ფორმით საქართველოსთვის რუსეთის თანაბარ მტრად წარმოაჩინოს თურქეთი და გააღვივოს მტრული განწყობები ამ უკანასკნელის მიმართ.

საარჩევნო რეკლამებში პატრიოტთა ალიანსის ლიდერები თურქეთს წარმოაჩენენ დაუძინებელ მტრად, რომელსაც სურს საქართველოს კუთხეების: აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის მიტაცება. ამასთან, ვიდეორგოლებში ღრმა ისტორიული წარსული წარმოჩენილია მყისიერ და არსებულ საფრთხედ.

კომენტარები