ბელარუსი

ბელარუსის პოლიციამ გატაცებული ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას ძებნა დაიწყო

მარია კოლესნიკოვა
Reuters

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრის, მარია კოლესნიკოვას ახლობლებმა პოლიციაში კოლესნიკოვას გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. ინფორმაცია ამის შესახებ ვიკტორ ბაბარიკოს შტაბმა გაავრცელა. მარია კოლესნიკოვა ბაბარიკოს საარჩევნო კამპანიის დროს ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

როგორც შტაბში განაცხადეს, პოლიციამ უკვე დაიწყო კოლესნიკოვას ძებნა.

ოპოზიციის საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მინსკის ცენტრიდან დღეს დილით გაიტაცეს. საინფორმაციო პორტალის, tut.by-ს ცნობით, კოლესნიკოვას მიუახლოვდნენ უცნობი ადამიანები და მიკროავტობუსში ჩასვეს, რის შემდეგაც ავტომობილი უცნობი მიმართულებით წავიდა.

გამოცემა მოვლენების თვითმხილველს ეყრდნობა. თვითმხილველი ყვება, რომ კოლესნიკოვა ბელარუსის ნაციონალური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და მალევე კოლესნიკოვასთან სამოქალაქო ფორმებში და ნიღბებში ჩაცმული ადამიანები მივიდნენ. რის შემდეგაც კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც "სობოლი" [სპეცდანიშნულების რაზმი] ეწერა.

ამ დროისთვის კავშირის დამყარება ვერ ხერხდება საკოორდინაციო საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრთან.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო კომიტეტის და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის განცხადებით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას კოლესნიკოვას დაკავების შესახებ.

მარია კოლესნიკოვა ერთერთი აქტიური ბელარუსი ოპოზიციონერია. ვიკტორ ბაბარიკოს საარჩევნო კამპანიის დროს ის ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ბაბარიკოს დაპატიმრების შემდეგ ბაბარიკოს შტაბი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანდა და კოლესნიკოვამ მუშაობდა ტიხანოვსკაიასთან გააგრძელა. მარია კოლესნიკოვა ასევე ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია. ერთ კვირის წინ კოლესნიკოვამ ვიკტორ ბაბარიკოსთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა.

კომენტარები