კორონავირუსი საქართველოში

200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია სივრცეშიც იკრძალება, საარჩევნო პროცესს არ ეხება

ფოტო გადაღებულია 2018 წლის Tbilisi Open Air-ზე
Georgia Today

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება. აქამდე ეს რეგულაცია მხოლოდ დახურულ სივრცეებს ეხებოდა, ახლა კი ღია სივრცეებზეც გავრცელდება. რეგულაციის არშესრულების შემთხვევაში სანქციებია გათვალისწინებული. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ შეეხება. 

"უბრალოდ, გვსურს, მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს როგორც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას, ასევე პირბადის ტარებას ყველა იმ ადგილას, სადაც სავალდებულოა". – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, იკრძალება სოციალური ღონისძიებების (ქელეხი, ქორწილი, იუბილე) ღია სივრცეში ჩატარებაც. რაც შეეხება თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრებს, მათი გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. აქტიურია 429 შემთხვევა. 

კომენტარები