კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ინფიცირებულთა ზრდასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არის, სრულად ვმართავთ

"ინფიცირებულთა ზრდასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს". - თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილი კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისი მტკიცებით, "ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს".

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქის სწრაფად დაბრუნება ცხოვრების ნორმალურ პირობებში. ის ამბობს, რომ ქვეყანამ გასულ თვეები გამოიყენა.

"მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ახერხებდნენ დღეში 200 ტესტის გაკეთებას, დღეს 8 000 კეთდება უპრობლემოდ. უახლოეს პერიოდში გაიზრდება 10 000-მდე და, თუ საჭირო გახდა, კიდევ გაზრდის პერსპექტივაც არსებობს" - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ 112-ის, კარანტინის, კორონავირუსის გამოვლენის და ჰოსპიტალის სისტემა "მუშაობს საათივით".

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის კოვიდცენტრებში მზად იყოს 3 000 საწოლ-ლოგინი.

"ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულების დისციპლინა. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი".  - ამბობს პრემიერი.

კომენტარები