ევროპული საქართველო

ბოკერია: პანდემიასთან დაკავშირებით არის ქაოსი, არ აქვთ არანაირი ხედვა, არანაირი გეგმა

ტაბულა

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა საფრთხეა ბიძინა ივანიშვილი და "მისი პოლიტიკური კლოუნების გუნდი" მთელი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. 

გიგა ბოკერიას თქმით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც გაუაზრებლად და შერჩევითი პრინციპით დახურეს ეკონომიკა, ერთდერთი გამართლება ამას შეიძლებოდა ის ჰქონოდა, რომ ეს დრო მთავრობას მოსამზადებლად და ჯანდაცვის სექტორის გასამართად გამოეყენებინა. როგორც დეპუტატი ამბობს, ნაცვლად ამისა, ხელისუფლებამ მთელი ეს პერიოდი თვითტკბობასა და ოპონენტებზე თავდასხმას მიუძღვნა. 

"ჯერ გაზაფხულზე სრულიად გაუაზრებლად შერჩევითად დახურეს ეკონომიკა, ჩაკეტეს, უზარმაზარი ზიანი მიადგა ყველას, საშუალო კლასს, გაჭირვებულ ადამიანებს განსაკუთრებით. ეს ყველაფერი, მინიმუმ, იმისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ ამ დროის განმავლობაში მომზადებულიყვნენ მეორე ტალღისთვის, იმიტომ, რომ ვირუსი რომ არ გაქრებოდა, ეს ყველასთვის ნათელი იყო. 

და გააკეთეს რა? ეს დრო გამოიყენებს თვითკმაყოფილებისთვის, თავის ქებისთვის, ოპონენტებისთვის ტალახის სროლისთვის და ირკვევა, რომ Covid-საწოლებისთვისაც კი არ მიგვიხედია. ახლა განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ, რომ 65% შევსებული გვაქვსო და გახარია ახლა გასცემს დავალებას, 3 000 ახალი Covid-საწოლი მოამზადეთო. აქამდე რას აკეთებდნენ?" – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ხედვა და გეგმა, როგორ აპირებს პანდემიასთან გამკლავებას და კვლავ ბიზნესის რეპრესირებას გეგმავს. 

"ქაოსი, არანაირი ხედვა, არანაირი გეგმა, ისევ არალეგალური, უკანონო შერჩევა, გაუაზრებელი ჩაკეტვები და რეპრესიები ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და წვრილი და საშუალო მეწარმეების წინააღმდეგ, რომელიც ვირუსს კი არ უშველის რამეს, ისევ საშუალო მოქალაქეებსა და მათ მომავალს დაარტყამს. ეს არის სურათი, რასაც ვხედავთ". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები