ავსტრალია-ჩინეთი

ავსტრალიის პრემიერი: მსოფლიომ Covid-19-ის წარმოშობის შესახებ უნდა გაიგოს

მორისონი გაეროში. 2019 წელი.
ABC

გაეროში ვირტუალურად სიტყვით გამოსვლისას ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა თქვა, რომ ახალი კორონავირუსის წარმოშობის გამოძიება მომავალში სხვა გლობალური პანდემიის საფრთხეს შეამცირებს:

"ვირუსმა უბედურობამდე მიიყვანა ჩვენი მსოფლიო და მისი ხალხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავიგოთ, რა მოხდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ამის განმეორება თავიდან ავირიდოთ".

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლის დროს ორგანიზაციას მოუწოდა, რომ მისი ქმედებების გამო ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიაზე  ჩინეთს პასუხი აგებინოს. 

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმო-ში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

გასულ თვეს ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ.

გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ავსტრალიაში ჩინეთისადმი ნდობა 23%-ით შემცირდა.

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონების მიღების შემდეგ 9 ივლისს ავსტრალიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა. ამასთან ერთად, კანბერა ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ ჰონგ-კონგიდან ადამიანები, ბიზნესები მოიზიდოს.

ივნისში ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ და კერძო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებზე ხდება კიბერთავდასხმა, რომლის უკანაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი აქტორები დგანან.

მთავრობას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნიდან მოდის თავდასხმა, თუმცა განცხადების მიხედვით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, შესაძლოა, ჩინეთიდან, რუსეთიდან ან ჩრდილოეთ კორეიდან მოდიოდეს.

ცოტა ხნის წინ ჩინეთში ავსტრალიელი ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, ორმა ავსტრალიერმა ჟურნალისტმა ჩინეთი დატოვა, ქვეყნის დატოვებამდე ისინი პოლიციამ დაკითხა.

კომენტარები