ჰონგ-კონგი

ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი

დღეს ზუსტად 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა იმ პირობით, რომ იმოქმედებდა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობები. ამ თარიღს დემოკრატიის მომხრეები ჩვეულებრივ მასშტაბური აქციები აღნიშნავენ ხოლმე, თუმცა მიმდინარე წელს აქტივისტები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ.

30 ივნისს ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების ახალი კანონი განიხილა და ერთხმად მიიღო კიდეც. კანონს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელი მოაწერა და ძალაში უკვე შევიდა.

“ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” ფარგლებში მოქმედი ე. წ. ძირითადი კანონი, მინი-კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებდა და საშუალებას აძლევდა კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან განსხვავებული პრივილეგიებით ესარგებლა, მათ შორის იყო შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. ჰონგ-კონგს საკუთარი ვალუტა და ეკონომიკური სისტემა აქვს, რაც აქამდე საშუალებას აძლევდა აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან გარკვეული შეღავათებით ესარგებლა, თუმცა ახლა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ახალი კანონების მიღების შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომია აღარ არსებობს და მისი სპეციალური სტატუსი გაუქმდება, აშშ კი ყველა იმ შეთანხმებიდან გავა, რომელიც აშშ-სა და ჰონგ-კონგს შორის არსებობს.

“ჩინეთი ჰონგ-კონგელ ხალხს 50 წლიან თავისუფლებას დაჰპირდა და მხოლოდ 23 წელი მისცა”. - თქვა პომპეომ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება, გასული წლის განმავლობაში მიმდინარე პროდემოკრატიული პროტესტის ფონზე, ჩინეთმა გადაწყვიტა კონტროლი გაამკაცროს. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსით ჩინური კომპანიები აქტიურად სარგებლობდნენ, როგორც ჩანს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას უღირს, აქედან მიღებული სარგებელი დაკარგოს, მაგრამ აღმოფხვრას საფრთხე, რასაც ის ათასობით მომიტინგე ქმნიდა, რომლებიც მეტ დემოკრატიასა და ჩინეთის გავლენებისაგან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.



ფოტო: Badiucao / HKFP/Facebook

რას ცვლის ახალი კანონი?

კანონი მიღებიდან რამდენიმე საათში გასაჯაროვდა. ამიერიდან ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეეძლება. ჩინეთის მთავრობა ქალაქში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებსაც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს.

ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. სასჯელი, სულ მცირე, 3-წლიან, სერიოზულ შემთხვევებში კი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა, ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, ამ კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ.

პეკინი ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისს გახსნის, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. მათზე ადგილობრივი ავტონომიის იურისდიქცია არ გავრცელდება. ეროვნული უშიშროების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

ჰონგ-კონგის მმართველს შეეძლება ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნა, იუსტიციის მინისტრს კი ნაფიცი მსაჯულების ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტა მიენდობა.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს. კომისიის მიღებული გადაწყვეტილების სამართლებირივი გასაჩივრება შეუძლებელი იქნება.

კანონის 38-ე მუხლის მიხედვით დამრღვევად შეიძლება ჩაითვალოს ის პირიც, რომელიც ჰონგ-კონგში არ იმყოფება და მოქალაქე არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონების საფუძველზე, შესაძლოა, უცხოეთის მოქალაქეებიც დააკავონ.

დაკავებულებს კონტიტნენტურ ჩინეთში გაასამართლებენ.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს, თუმცა ცნობილია, რომ კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰონგ-კონგის მომავლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა ავტორიტარების მიერ ხელდასხმული პრეზიდენტების ტაქტიკას მიმართა, კომენტარისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა. მოგვიანებით მან დაამატა, რომ კანონები ქალაქს მშვიდობას მოუტანდა.

კერი ლამი, Badiucao-ს ილუსტრაცია

ახალი კანონი, როგორც პასუხი ჰონგ-კონგის აქციებზე 

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. თავდაპირველად მომიტინგეები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას ითხოვდნენ, რასაც საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც, თუმცა, დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა და ისინი პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებსა და, ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციები ძალადობრივად  არაერთხელ დაშალეს, ჩინეთმა კი ქალაქში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.  კორონავირუსის პანდემიის გამო აქციები დროებით შეწყდა. ჩინეთმა პანდემია ახალი კანონების შესამუშავებლად გამოიყენა, რათა  პროდემოკრატიული აქციებით რეჟიმისათვის შექმნილი საფრთხე აღმოეფხვრა. ამის თაობაზე გაფრთხილება გაავრცელა არაერთმა აქტივისტმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა. მათ შორის იყო დისიდენტი, ჩინელი ხელოვანი აი ვეივეი. ის არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორია, რომლებიც ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის ძალადობრივ და კორუმპირებულ ბუნებას ასახავს. პოლიტიკური აქტივიზმის გამო ჩინეთში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამიტომ მას ქვეყნის დატოვება მოუწია. ვეივეი ჯერ კიდევ აპრილში ამბობდა, რომ ვირუსმა ჩინეთის რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერა:

“ფაქტიურად, დასავლეთში ჩინეთზე მხოლოდ საუბრობენ, რომ ის ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მაგრამ არასდროს კითხულობენ “რატომ”? ჩინეთისათვის ყველაფერს პოლიტიკური გამოყენება აქვს”. - თქვა მან CNN-თან ინტერვიუში.

ახალი კანონების მიღების შემდეგ მან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთის რიგითი ქალაქი გახდა და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ადვოკატებისა და აქტივისტების გაუჩინარება დაიწყოს.

აი ვეივეი

კანონმა უკვე მოახდინა გავლენა დემოკრატიის მომხრე აქტივისტებზე. ისინი მედიასთან ეუბნებიან, რომ სასჯელის ეშინიათ და თავისუფლება და უფლებები დაკარგეს. მათი თქმით, ხალხის ნაწილმა შეწყვიტა პოლიტიკაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბარი, რადგან დაპატიმრების ეშინიათ.

კანონების მიღებიდან მალევე ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულმა აქტივისტთა ჯგუფმა, Demosisto-მ, ცნობილი აქტივისტის, ჯოშუა ვონგის ხელმძღვანელობით, დაშლა დააანონსა.

BBC-ს ჟურნალისტი წერს, რომ მისმა ნაცნობმა აქტივისტმა და ადვოკატმა მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც მიმოწერის წაშლას სთხოვს, ვინაიდან ეშინია, რომ კანონს ჩინეთი რეტროსპექტიულად აამოქმედებს და ადამიანებს წარსული ქმედებების გამოც გაასამართლებს.

პირველ ივლისს აქტივისტებს ტრადიციული მსვლელობის ჩატარების უფლება არ მისცეს და მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელეს. იმ პირების წინააღმდეგ, ვინც აკრძალვის მიუხედავად მაინც შეიკრიბა, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ახალი კანონის საფუძველზე უკვე დააკავეს ერთი ადამიანი.

რა შედეგები მოჰყვება ჰონგ-კონგის ავტონომიის უგულებელყოფას ჩინეთისათვის?

აშშ ამ დრომდე ოფიციალურად ცნობდა განსხვავებას ჰონგ-კონგსა და კონტინენტურ ჩინეთს შორის დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებში. 1992 წლის აშშ-ჰონგ-კონგის პოლიტიკის აქტით ქალაქი სარგებლობდა ისეთი შეღავათებით, რაც კონტინენტურ ჩინეთს არ ჰქონდა, მათ შორის დაბალი ტარიფებითა და განსხვავებული საბაჟო და საიმიგრაციო პირობებით. ეს ვითარება 2019 წლის ნოემბრიდან ნაწილობრივ შეიცვალა, როდესაც აშშ-მ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტი მიიღო. აქტის მიხედვით, ქალაქის პოლიტიკაში ჩინეთის ჩარევის გაზრდის გამო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ყოველწლიურად უნდა მიმოეხილა ჰონგ-კონგში არსებული სიტუაცია და ანგარიში კონგრესისათვის წარედგინა. ამგვარად გადაწყვეტდნენ ქალაქის ავტონომიის სტატუსს და არსებული შეთანხმების ძალაში დატოვების, ან შეცვლის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგი მსხვილი მწარმოებელი არ არის, ქალაქის გავლით აშშ-ს ბაზარზე გადიოდნენ ჩინური კომპანიები. 2018 წელს აშშ-სა და ჰონგ-კონგს შორის ვაჭრობამ 67 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალი კანონის მიღების გამო, აშშ ჰონგ-კონგს განსხვავებულ პირობებს მოუხსნის და, შესაძლოა, ისეთივე ტარიფები დაუწესოს, როგორიც ჩინეთს. ჩინეთისათვის დაწესებული ტარიფები და სანქციები კი ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, სავაჭრო ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, მუდმივად იზრდება.

შესაძლოა, რომ  ქალაქზე ჩინეთის მსგავსად  შეზღუდვები გავრცელდეს სენსიტიური ტექნოლოგიებით ვაჭრობის მხრივაც.

მაიკ პომპეო
ფოტო: Dunia-rmol

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ჰონგ-კონგის მოქალაქეებზე ისეთივე პირობები გავრცელდება, როგორიც კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეებზე ვიზებისა და იმიგრაციის კუთხით. უკანასკნელ პერიოდში ჩინეთის მოქალაქეებისათვის ეს რეგულაციები გამკაცრდა და აშშ ათასობით ჩინელი სტუდენტისათვის ვიზების გაუქმებასაც გეგმავს. ვიზაზე უარს ეტყვიან იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ, მუშაობდნენ ან რაიმე სახით დაკავშირებული იყვნენ ჩინეთის სამხედრო ძალებთან, ან დაზვერვასთან.

გარდა ამისა, აშშ-მ შესაძლოა ჩინეთს და ჰონგ-კონგის პრო-ჩინური მთავრობის წარმომადგენლებს ახალი სანქციებიც დაუწესოს, რაც, სავარაუდოდ, ანგარიშების გაყინვაში და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვაში გამოიხატება.

“ჰონგ-კონგმა აჩვენა მსოფლიოს, რისი მიღწევა შეეძლო თავისუფალ ჩინელ ხალხს - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკისა და ენერგიული საზოგადოების. მაგრამ პეკინის პარანოიამ და საკუთარი ხალხის მისწრაფებების შიშმა ისინი იქამდე მიიყვანა, რომ ამ ტერიტორიის წარმატებას საძირკველი გამოაცალეს”. - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

ახალი კანონის მიღების შემდეგ კანადამ ჰონგ-კონგში მოგზაურობაზე გაფრთხილება შეცვალა. მასში ნათქვამია, რომ არსებობს უსაფუძვლო დაკავებისა და კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის რისკი.

ბრიტანეთმა უკვე გამოთქვა მზაობა ემიგრაციის წესების შესაცვლელად. ცვლილებების შედეგად ჰონგ-კონგისთვის ბრიტანეთის ეროვნული ზღვის იქითა პასპორტების მქონე პირებს გაერთიანებულ სამეფოში 12 თვით შეუშვებენ და შემდეგ მეტ საიმიგრაციო უფლებებს მისცემენ. მათ შორს, მუშაობის უფლებას, რის შედეგადაც, შესაძლოა, მათ მოქალაქეობა მოიპოვონ. მსგავს პასპორტს 350 000 ჰონგ-კონგელი ფლობს. ჯონსონის განცხადებით,  ამ პასპორტის აღება შეეძლება კიდევ 2.5 მილიონ ჰონგ-კონგელს.

ჰონგ-კონგელებს დახმარების ხელი გაუწოდა ტაივანმაც, რომელიც ასევე ებრძვის ჩინეთის მზარდ გავლენებს. ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი პირველი მსოფლიო ლიდერი გახდა, რომელმაც ჰონგ-კონგელ ხალხს, რომლებიც ახალი კანონის გამო ქალაქს დატოვებენ, დასახმარებლად კონკრეტული ზომების მიღებას დაპირდა.

ტაივანში კონტინენტური ჩინეთის საქმეთა საკონსულოს ხელმძღვანელმა, ჩენ მინგ-თონგმა პარლამენტს უთხრა, რომ მთავრობა აქტივისტების ჯგუფებთან ერთად ორგანიზაციას დააარსებს, რომელიც "ჰუმანიტარულ დახმარებაზე", მათ შორის, ტაივანში ცხოვრებასა და დასაქმებაზე იმუშავებს.

სი ძინფინგი და კიმ ჩენ ინი

ამ დროისთვის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთის ახალი კანონები მოიწონა, ჩრდილოეთ კორეაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება ჩინეთის შიდა პოლიტიკური საქმეა და აშშ სკანდალის შექმნას ცდილობს.

კომენტარები