არჩევნები 2020

ბოკუჩავას თქმით, ენმ დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა ფორმულას კითხვას, დაუყენებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, პასუხობს, რომ "არა". მისივე თქმით, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ხოლო მწვავე დისკუსია და მსჯელობა ნორმალურია.

"არ არსებობს ამგვარი დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, იმიტომ, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და, ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს".

გუშინ, 25 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პარტიაში იმსჯელებდნენ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დაყენებაზე. მისივე თქმით, ამ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე "ფაქტიურად აკეთებს საკუთარ ფეხში გასროლას".

სალომე სამადაშვილმა გირჩის ლიდერსა და დიდუბე-ჩუღურეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართა, რომ უპრიანი იქნება, თუ ის ბოდიშს მოიხდის თავის განცხადებაზე: "ჩემთვის არ არის საინტერესო, რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები".

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები.

"ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, იმიტომ, რომ ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი". – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები