აზერბაიჯანი - სომხეთი

ნოდარ ხარშილაძე ყარაბაღზე: გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ აზერბაიჯანი გაჩერდება

ნოდარ ხარშილაძე

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მსხვერპლის შესახებ საუბრობს ორივე მხარე. დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი.

ტაბულასთან საუბარში საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ ხარშილაძე რეგიონში მიმდინარე დაპირისპირებაზე, მოვლენების შესაძლო განვითარებასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ტაბულასთან საუბრობს.

"ჩემი აზრით, კონფლიქტი რაღაც ეტაპზე ცოტა უფრო გამწვავდება, მაგრამ საბოლოოდ სრულმასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადაიზრდება. აზერბაიჯანი გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ, როგორც წინა ოთხდღიან ომში იყო, შეჩერდება. მიზანიც ეს არის, გაამწვავონ მდგომარეობა, გარკვეული სიმაღლე აიღონ, გამოაცხადონ გამარჯვება და შემდეგ გაჩერდნენ, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერევა და აზერბაიჯანს დაბრალდება კონფლიქტის ესკალირება. ასე იყო 2016-შიც და, ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, ახლაც ასე იქნება.

თუ დაპირისპირება ძალიან გამწვავდება და გადავა კონტროლიდან, მაშინ დადგება ლტოლვილების საკითხი, მაგრამ მდგომარეობა ძალიან უნდა გამწვავდეს, რომ სომხეთის მხრიდან საქართველოსკენ ლტოლვილები წამოვიდნენ. არ მგონია, საქმე აქამდე  მივიდეს. კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, მეორე უფრო მოსალოდნელი სცენარი არის, რუსეთის მხრიდან ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული კორიდორის მოთხოვნა. ეგრეთ წოდებული იმიტომ, რომ კორიდორს ჩვეულებრივად გაივლის რუსული ტექნიკა და სამხედროები და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების ხელში დიდი ალბათობით შეიძლება, დავთმოთ ეს კორიდორი. რუსებმა კი შემოსვლა იციან ხოლმე და წასვლა ავიწყდებათ. ამიტომ ჩვენთვის ბევრად ჯობია, არ გამწვავდეს ეს კონფლიქტი."

ტაბულას კითხვაზე, საჭიროა თუ არა, რომ საქართველომ ამ კონფლიქტში ნეიტრალიტეტი ოფიციალურად გამოაცხადოს და კანონით აკრძალოს ორივე მხარისთვის განკუთვნილი იარაღის გატარება თავის ტერიტორიაზე, ნოდარ ხარშილაძე პასუხობს:

"კონკრეტული კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტის გამოცხადება ძალიან რთული პროცედურაა. ეს პოლიტიკა სხვანაირად და ძალიან ფრთხილად უნდა წარმართო. ორივე მხარეს რომ ჩაუკეტო იარაღის ტრანსფერი, ამ შემთხვევაში ორივე დედაქალაქს გადაიკიდებ, იმიტომ რომ ორივეს ჩვენი გავლით მიაქვს (იარაღი). ასე რომ ფრთხილები უნდა ვიყოთ, არ მგონია დღეს ძალიან სუსტი, პრაქტიკულად არარსებული საგარეო პოლიტიკის პირობებში ჩვენ შევძლოთ, ასეთი მანევრის ჩატარება. ჯობია, ჩუმად იჯდე და სისულელე არაფერი თქვა."

ტაბულას კითხვაზე, უნდა შეიკრიბოს თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო ამ საკითხების განსახილველად, ნოდარ ხარშილაძე პასუხობს:

"უსაფრთხოების სისტემის მოქმედი მექანიზმი საქართველოში არ არსებობს. არის ფორმალურად, ქაღალდზე შექმნილი საბჭო. შესაბამისად, მისი არარსებობის პირობებში და მხოლოდ ფორმალიზაციის პირობებში, კარგი იქნებოდა დასანახად მაინც თუ შეიკრიბებოდნენ, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ."

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა 2016 წელსაც, რასაც სულ მცირე 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირება 4 დღეს გაგრძელდა. მიმდინარე წლის ივლისში კი ტავუში - თოვუზის რეგიონში მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება. დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები