დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ 3 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, თეთრ სახლში დაბრუნდა. ტრამპი თეთრი სახლის აივანზე გამოჩნდა და პირბადე მოიხსნა.

ტრამპი კორონავირუსისგან ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ექიმების თქმით, ის კვლავ გადამდებია, თუმცა, მკურნალობას თეთრ სახლში გააგრძელებს.

აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების მიხედვით, ის სიმპტომების გაჩენიდან 10 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყოს. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ტრამპს სიმპტომები პირველ ოქტომბერს გამოუვლინდა და მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

საავადმყოფოს დატოვებამდე მან ამერიკელებს მიმართა საკუთარ ტვიტერზე:

"ნუ შეგეშინდებათ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე".

მან ამერიკელებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ სამუშაოს.

"თქვენ კორონავირუსს დაამარცხებთ. ჩვენ საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გვაქვს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში შექმნეს". – განაცხადა მან.

ტრამპმა ასევე დაწერა, რომ თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას მალე გააგრძელებდა.

"კამპანიას მალე დავუბრუნდები. ცრუ მედია მხოლოდ ცრუ გამოკითხვების შედეგებს აჩვენებს!". –დაწერა მან.

ამჟამად ამომრჩევლებთან შეხვედრებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მართავს.

5 ოქტომბერს NBC-მ და Wall Street Journal-მა მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53% მხარს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო ბაიდენს უჭერს, 39% კი დონალდ ტრამპს.

ბაიდენმა თქვა, რომ მოხარულია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით, თუმცა აღნიშნა, რომ ის, ვინც პირბადის ტარების აუცილებლობას უარყოფს, პასუხისმგებელია იმაზე, რაც დაემართება:

"ყველა, ვინც ვირუსით დაავადდება იმიტომ, რომ ამბობს, რომ პირბადეს მნიშვნელობა არ აქვს, სოციალურ დისტანციას მნიშვნელობა არ აქვს, ვფიქრობ, რომ პასუხისმგებელია იმაზე, რაც დაემართება". – თქვა მან.

უკანასკნელ დღეებში ახალი კორონავირუსი ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა, მათ შორის მის პრესმდივანს, კეილი მაკინანს.

უკანასკნელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსი სულ 7 679 644 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 215 032.

კომენტარები