ვლადიმირ პუტინი

რუსეთი ირწმუნება, რომ პუტინის დაბადების დღეზე ჰიპერბგერითი რაკეტა წარმატებით გამოსცადეს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დღეს, 7 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვიდეო კონფერენციისას მოახსენა, რომ თეთრ ზღვაში მდებარე ხომალდიდან წარმატებით გამოსცადეს ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა "ცირკონი".

პუტინის საჩუქრად ჰიპერბგერით რაკეტას პირველად არ იღებს. 2018 წლის დეკემბერის ბოლოს რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემა გამოსცადეს და 2019 წლიდან აამუშავებდნენ, რაც პუტინმა შეაფასა, როგორც შესანიშნავი საახალწლო საჩუქარი.

დღეს პუტინს 68 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, 2020 წლის 7 ოქტომბერს 14 წელი გადის რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან.

ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემა ერთ-ერთია იმ იარაღიდან, რომლის შექმნაც პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მარტში დააანონსა.

პუტინმა რუსეთის პარლამენტში გამოსვლისას აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი მაღალი ტექნოლოგიის ბირთვული იარაღი აქვს, რომელსაც თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია. პუტინის თქმით ახალი ბირთვული რაკეტა 2017 წელს გამოსცადეს და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტი-სარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ. მან საილუსტრაციოდ ვიდეო კლიპები აჩვენა, რომლებზეც წყალქვეშა დრონები და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ჩანდა.

11 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელიც მათი თქმით ახალი რაკეტის გამოცდას ასახავს. მათი თქმით ეს ჰიპერბგერითი რაკეტა პუტინის მიერ გასულ თვეს დაანონსებული რაკეტებიდან ერთ-ერთი იყო და ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. განცხადების მიხედვით რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფია და 2,000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ვლადიმირ პუტინმა ამ რაკეტას "იდეალური იარაღი" უწოდა და თქვა, რომ ის "უძლეველი" იარაღებიდან ერთ-ერთია.

თუმცა, ამერიკული მედია აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ახალი ბირთვული რაკეტების ოთხივე გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს აშშ-მა დატოვა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც და პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ სარაკეტო პროგრამის განვითარებაზე მუშაობას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

კომენტარები