ტურიზმი

თურნავა ფრენების დამატებაზე: გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან მსჯელობით მივიღეთ

0 კომენტარი

"ფრენებთან მიმართებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან". - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რეგულარული ფრენების დამატების შესახებ პრემიერის გავრცელებული ინფორმაცია.

"ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს, ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის ორგანიზებულად დამკვირვებლების ჩამოსაყვანად არჩევნებისთვის. ხოლო ნოემბრიდან ეტაპობრივად გავხსნით სხვა მიმართულებებს და დავამატებთ ფრენების რაოდენობას" - თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი არ ასახელებს კონკრეტულ მიმართულებებს, სად იგეგმება ფრენების აღდგენა. ის აღნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტში "უფრო აქტიურად იფრენენ" ჩვენი დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც.

"ჩვენ პროექტი უკვე მომზადებული გვაქვს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმსჯელოს და აისახება საჯარო გადაწყვეტილება, რა მიმართულებები გაიხსნება სხვადასხვა ავიაკომპანიისთვის, როგორც რეგულარული ფრენა" - თქვა თურნავამ და აღნიშნა, რომ "ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან, ჯანდაცვის სისტემასთან მსჯელობით მივიღეთ".

ფრენების დამატების შემდეგ საქართველოში შემოსულ ყველა მგზავრს PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება ექნება. სანაცვლოდ, მათ კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევთ. საქართველოს მოქალაქეებს PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ალტერნატივაც ექნებათ.

"ეს გვაძლევს საშუალებას კვლავინდებურად ვმართოთ ეპიდვითარება, რისკების პრევენცია მოვახდინოთ, მაგრამ ამავდროულად, არ შევზღუდოთ, გავზარდოთ მობილობა... მე იმედი მაქვს, ქვეყანაში შემოვა დამატებით ტურისტი, რა თქმა უნდა, თუ გლობალური ვითარება მოგვცემს ამის შესაძლებლობას და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო მარტივი იქნება მიმოსვლა" - თქვა თურნავამ.

აგვისტოს შემდეგ, საქართველოს პირდაპირი რეგულარული ფრენები მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის და რიგის მიმართულებით აქვს დანიშნული. გერმანიამ 7 ოქტომბრიდან საქართველო რისკზონად გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუშვებს. ლატვიამ და ლიტვამ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის ვალდებულება დაუწესეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მას საზღვრები გახსნილი აქვს, თუმცა, პარიზსა და რვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს.

15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მაშინ, როცა მთავრობა მწვანე ქვეყნებს საზღვარს არ უხსნიდა და მხოლოდ სამი ქვეყნის მიმართულებით ჰქონდა რეგულარული ფრენები დანიშნული, საქართველოში დღიურად რამდენიმე ერთეული შემთხვევა ვლინდებოდა. მაშინ ეპიდემიოლოგები საზღვრების გახსნას და საქართველოს მოქალაქეების კარანტინისგან გათავისუფლებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები