აშშ

ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საიტი გატეხეს

დონალდ ტრამპი
USnews.com

27 ოქტომბრის საღამოს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საიტი ჰაკერული შეტევის შედეგად გატეხეს.

როგორც შტაბის პრესმდივანი ტიმ მეროუ Twitter-ზე წერს, ჰაკერებმა ვერ შეძლეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მოეპოვებინათ წვდომა, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია საიტზე არ ინახება. კიბერშეტევის წყაროს დასადგენად ტრამპის გუნდი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს. ამ დროისთვის საიტის მუშაობდა აღდგენილია.

New York Times-ის ინფორმაციით, შტაბის საიტი 30 წუთი არ მუშაობდა. საიტის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ჰაკერების განცხადება. განცხადების თანახმად, მსოფლიო დაღალა ყალბმა ინფორმაციამ და "დრო იყო მსოფლიოს სიმართლე გაეგო". ჰაკერების განცხადებით, მათ მოიპოვეს საიდუმლო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპი კორონავირუსის გავრცელებასთან კავშირში დაადანაშაულეს. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად ტრამპი უცხოელ აქტორებთან თანამშრომლობდა.


ფოტო: New York Times
ჰაკერებმა ასევე გამოაქვეყნეს კრიპტოვალუტის, Monero-ს ორი ელექტრონული საფულე. ერთი იმათთვის, ვისაც "საიდუმლო ინფორმაციის" გასაჯაროება სურს, ხოლო მეორე მათთვის, ვისაც ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა უნდა. ჰაკერების პირობის თანახმად, რაღაც ეტაპზე ისინი შეადარებენ საფულეებში გადარიცხული თანხის რაოდენობებს და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, როგორ მოიქცნენ.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი უწევს მეტოქეობას.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჰაკერებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერები და დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტა. კიბერთავდასხმაში დაადანაშაულეს ჰაკერული ჯგუფი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოსთანაა (ГРУ) დაკავშირებული.

კომენტარები