არჩევნები 2020

კორძაია: მდგომარეობა რეალურად უმძიმესია, 853 საჩივარი მოვამზადეთ, დიპლომატებს მივმართავთ

თამარ კორძაია
ტაბულა

"კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შესწავლამ დაგვანახა, რომ მდგომარეობა არის რეალურად უმძიმესი". – ამის შესახებ ბლოკის ენმ-ძალა ერთობაშია წევრმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბლოკმა უკვე 853 საჩივარი მოამზადა. 

"ეს ეხება უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას. ამაში შედის, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები.

გარდა ამისა, ჩვენ შევისწავლეთ პროპორციული საარჩევნო სისტემით შედგენილი შემაჯამებელი ოქმები და და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება 3.5%-ს, რაც წარმოუდგენელი რაოდენობაა. თუ შევადარებთ ამ მონაცემებს საზღვარგარეთ მიცემული ხმებიდან ამოსული ბათილი ბიულეტენების რაოდენობას, ეს არის მხოლოდ 1%. შეგვიძლია, დავასკვნათ, იქ, სადაც ამომრჩეველი ზეწოლის გარეშე აძლევს ხმას და საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ატარებს არჩევნებს, სხვაობა ბათილ ბიულეტენებს შორის არსებითია". – ამბობს კორძაია და მაგალითად ნინოწმინდის ერთ-ერთი უბანი მოჰყავს. კერძოდ, პოლიტიკოსის თქმით, იქ, მხოლოდ ერთ უბანზე 203 ბიულეტენია გაბათილებული.

"გარდა ამისა, ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული 3 491 შემაჯამებელი ოქმიდან შესწორება შედგა 615 შემთხვევაში, რაც 17.6%-ია. მაჟორიტარული 3 445 ოქმიდან კი შესწორებულია 590 ოქმი, რაც არის 17.1%. შესწორებული შემაჯამებელი ოქმების გარდა, ჩვენ ხელთაა უამრავი ოქმი, სადაც მონაცემები ერთმანეთს საერთოდ ვერ ედრება, ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ უფრო მძიმე ოქმები, რომლებზეც ხვალ საზოგადოებას საბოლოოდ შევატყობინებთ.

იმ ვითარებაში, რაც ჩვენ გვაქვს, როცა არ არის სამართლიანი სასამართლო, ძალიან რთულია სამართლიან შედეგებზე საუბარი. ჩვენ რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო და ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც გვექნება სასამართლოს იმედი, ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, გაუქმდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი კენჭისყრა". – ამბობს ბლოკის ენმ-ძალა ერთობაშია წევრი.

თამარ კორძაიას თქმითვე, "გაყალბება იმდენად მასშტაბური და მასობრივი იყო, რომ ხშირად ბალანსის დარღვევის გამო იწერებოდა შესწორების ოქმები და ესეც კი შეცდომით არის შედგენილი". მანვე აღნიშნა, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით კომისიის წევრები აყალბებდნენ ხელმოწერებს და სხვების ნაცვლად აწერდნენ ხელს.

"ამიტომ, ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება, გამოვლინდეს სისხლის სამართლის დანაშაულის. ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ნამდვილად ეჭვქვეშ დგას, ის შედეგები, რასაც დღეს ხელისუფლება და ცესკო აცხადებს, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას და არ არის მოქალაქეების ნების ადეკვატური. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არჩევნები მოგვპარა". – თქვა კორძაიამ.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.15% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, ეს მონაცემი 45.8%-ია. 

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ეს გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ISFED-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაციის ცნობით, შედეგებზე შესაძლო გავლენა, დაახლოებით, 4%-ია. ISFED-ი წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობა, 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კომენტარები