სპეცრაზმი ცესკოსთან აქციას წყლის ჭავლითა და ხელკეტებით არბევს

ტაბულა

სპეცრაზმი ცესკოსთან აქციას წყლის ჭავლითა და ხელკეტებით არბევს. წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ძალის გამოყენებით გაჰყავთ.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა. მათ აქტივისტები არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და მათთვის არც დაშლისკენ მოუწოდებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენება "გადაუდებელი აუცილებლობა" იყო. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი - როგორც კადრებში ჩანს, მას თვალი დაუზიანდა.

ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ სპეცრაზზმმა აირიც გამოიყენა - თუმცა ამას შსს არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს.

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები