არჩევნები 2020

ცესკო: 1 027 საჩივარი სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ დაწერილი 1 027 საჩივარი განუხილველი დარჩა. ცესკოს ცნობით, მიზეზი სამართლებრივი შეუსაბამობაა.

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა სულ 39 უბნის შედეგი გადათვალეს. ჯამში გადათვლის პროცესი 24 500-მდე ხმას შეეხო. მათივე ინფორმაციით, უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა. 

"კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო-საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა, დაახლოებით, 1941 საჩივარი. აქედან, საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1 272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა - 564. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო-საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. 

აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო-საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი. ხოლო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან - 126". – ამბობენ ცესკოში.

ცესკოს ინფორმაციით, ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც ბათილად ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა არაუფლებამოსილი პირი. მათივე მტკიცებით, იყო შემთხვევები, როდესაც საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ საჩივრის შეტანის უფლებამოსილება.

"ყველა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი მხოლოდ ოთხ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი, ხოლო, მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა. 

ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჩივრების წარდგენის პროცედურისა და დარღვევის გამო განუხილველად დატოვების შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ დასაბუთებაში უთითებდნენ ოქმებისა და მონაცემების სისწორეზე, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ". – თქვეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე. 

ოპოზიციური პარტიები არჩევნები შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საჩივრების განხილვის პარალელურად, ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ საჩივრებს კომისიის წევრები ფორმალურად განიხილავდნენ. ასევე, ოპოზიციის წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც არ მისცეს. ცესკომ აქციები "ზეწოლის მცდელობად" შეაფასა

განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და დემოკრატიულმა არჩევნებმა. მათი ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებდნენ. ორგანიზაციები მოუწოდებდნენ კომისიებს, გადაეთვალათ რაც შეიძლება მეტი უბნის ბიულეტენი და "ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე."

კომენტარები