არჩევნები 2020

ცესკო საოლქო კომისიებთან აქციებზე: რიგ შემთხვევაში, ადგილი აქვს ზეწოლის მცდელობას

ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. 

"ამ წუთას, რამდენიმე საოლქო-საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომა, სადაც განიხილება განცხადება-საჩივრები. ადგილი აქვს გარკვეული არაუფლებამოსილი პირების მიერ მცდელობას, დაესწრონ სხდომებს. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს ზეწოლის მოხდენის მცდელობას. 

გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლება გააჩნიათ შესაბამის საოლქო-საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის 6 წარმომადგენელს, ასევე, 1 ადგილობრივ დამკვირვებელს, 2 საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად და, ასევე, აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს". – თქვეს ბრიფინგზე. 

საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქცია იმართება საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში და წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ. 

საბურთალოს საოლქო კომისიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას ერთიანი საქართველოს სამი წევრი დააკავეს. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები