არჩევნები 2020

სამადაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის გადასაწყვეტია დაბრუნდება თუ არა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ოპოზიციური ლიდერების კამათს ეხმაურება. სამადაშვილი წერს, რომ სააკაშვილის გადასაწყვეტია დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში. მისივე თქმით, სწორი იქნება, რომ სააკაშვილმა აღარ გაიმეოროს - "ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო".

"იმედია, ხალხს, ვისაც გუშინ მიშას ტრანსპარანტები ეჭირა, ესმის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ტექნოლოგიურად არ შეუძლიათ, არ აქვთ ამის პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი, რომც უნდოდეთ. ასევე, ვერ "ჩამოიყვანენ", სურვილის შემთხვევაში. ვერავინ ეტყვის, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება, დაბრუნდეს თუ არა. მისი გადასაწყვეტია. როგორც ყველა მძიმე გადაწყვეტილებაში, მარტოდმარტო რომ რჩები შენს თავთან, ისეთი გადაწყვეტილებაა. უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ნამდვილად უპერსპექტივოდ მიმაჩნდა. ეს ნაბიჯი არ იყო პოპულარული საერთაშორისო ასპარეზზე და არ ვურჩევდი. თუმცა, უკრაინელი ხალხის სიყვარულის მოპოვებაში მისმა ამ თავგანწირვამაც ითამაშა როლი. ამიტომ, მართალი თქვა, შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო. მაგრამ ასევე სწორი იქნება, აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო". – წერს სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი ასევე საუბრობს ოპოზიციურ პარტიებს შორის შესაძლო კონფლიქტზე და აღნიშნავს, რომ თუ საპროტესტო აქციების სცენაზე რომელიმე გამომსვლელს ჰგონია, რომ "მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლიანია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ".

"ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის. ის, რომ მას შეუძლია არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდის და ფასის მომკით, ვიცით. მრჩევლები ნაკლებად სჭირდება. რაც შეეხება მის ჩართვას მიტინგზე, საქართველოში რომ იყოს, სცენაზე არ იდგებოდა? რა პრობლემაა? თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს, მიაჩნია, რომ მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლიანია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ. ისე, ერთმანეთს ხომ ვიტანთ, მიუხედავად განსხვავებებისა, სააკაშვილის სკაიპით გამოსვლა რა პრობლემაა? მინიმუმ ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველა სხვას, გამოვიდეს. ტრანსპარანტის დაჭერის უფლებაც, არ მეგონა, დასამტკიცებელი თუ გახდებოდა იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ მშვიდად, მეგობრებო, ბიძინაზე ვკონცენტრირდეთ, აჯობებს". – აღნიშნავს სამადაშვილი.

გუშინ, 14 ნოემბერს TV პირველის ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძესა და ოპოზიციური პარტიების წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა ალეკო ელისაშვილის მიერ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ნათქვამ სიტყვებს, "სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს". ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის ჩარევაზე საუბრობენ. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს საკითხია, რომელზეც ოპოზიციაში "ერთიანობა არ არის".

14 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ენმ-ის მხარდაჭერთა ნაწილი იდგა ტრაფარეტით, რომელზეც ეწერა "მიშა ჩამოდი", რასაც სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. 13 ნოემბერს კი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ასე მიმართა – "გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ".

კომენტარები