ხვიჩია ჯაფარიძეზე: დროა, პოზიცია გამოხატოს, ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია კრიტიკას facebook-ზე კიდევ ერთხელ ეხმიანება. 

ხვიჩია წერს, რომ "ქვეყნის ერთი შეხედვით ყველაზე გამოსულმა ლიბერალურმა საზოგადოებამ დაუმსახურებელი ტალახი ესროლა" და ამის "დამადასტურებელი" რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. 

"კამპანიის შინაარსი ასეთია, დაგაბრალებენ რაღაც სისულელეს და მიუხედავად იმისა, რომ რაც შენ დაგაბრალეს, იმას შენც ხმალამოღებული ებრძვი, დისკუსია აქეთ არ მიდის, უფრო სწორად, საერთოდ არ მიდის.

უბრალოდ გლანძღავენ, ხოლო ვითომ შენი გულშემატკივრები, რომლებიც არ გლანძღავენ, შენს მაგინებლებს თითქოს გულისტკივილით ეთანხმებიან, რომ შენ ეს არ უნდა გეთქვა. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ არავის აინტერესებს, რეალურად შენ რა თქვი". – წერს ხვიჩია და აღნიშნავს, რომ დროა, გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ საკუთარი პოზიცია გამოხატოს. 

"დროა, ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია. 

უფრო გასაგებად რო ვთქვათ, გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს ლანძღავს.

ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს დამესხას და არ დამკორტნოს.
არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს, ნუთუ შეიძლება ეს ნორმალური იყოს?

აქვე აღვნიშნავ, რომ მე არ ვარ იდეალური ადამიანი, შეცდომებს ვუშვებ, ზოგჯერ გულს ვტკენ ადამიანებს, როგორც წესი ამას ვაღიარებ და ვცდილობ, მეორეჯერ არ დავუშვა. ყველა ჩემი შეცდომა ნაღიარები მაქვს ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია, იქ ბოდიშსაც ვიხდი. მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს". – წერს ხვიჩია. 

იაგო ხვიჩიას მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა, ის შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". – წერს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი.

ხვიჩიამ გუშინ, 2 დეკემბერს, განცხადება გაავრცელა და მედიას მოუწოდა, დრო დაუთმონ.

კომენტარები