სომხეთი

სომხეთში ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს, მას ულტიმატუმი წაუყენეს

AFP

5 დეკემბერს ერევანში ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენეს. ფაშინიანის გადადგომისთვის დრო სამშაბათამდე, 8 დეკემბრამდე მისცეს.

"თუ ის ამას არ გააკეთებს, მთელ ქვეყანაში დაიწყება დაუმორჩილებლობის აქციები. თუ ის სამშაბათამდე თავად არ გადადგება, მას ჩვენ გადავაყენებთ." – თქვა პრემიერმინსიტრის რეზიდენციის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციური პარტიის დაშნაკცუთიუნის წარმომადგენელმა იშხან საგატელიანმა.

პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ათიათასობით ადამიანი ერევნის ცენტრში შეიკრიბა. მიტინგის შემდეგ დემონსტრანტებმა მთავრობის სასახლისკენ მოაწყვეს მსვლელობა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის, არტურ ვანეციანის თანახმად, 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენა ყოფილი პრემიერი ვაზგენ მანუკიანი. მანუკიანის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, რომელშიც თვითონ მონაწილეობას არ მიიღებს.

ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის შეთანხმების გაფორმების გამო ითხოვენ. 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

სომხეთის მიერ განცხადების ხელმოწერას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 10 ნოემბერს მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ფაშინაინს გადადგომის ულტიმატუმი 11 ნოემბერს გამართული აქციაზეც წაუყენეს. პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისათვის დრო შუაღამემდე მისცეს, თუმცა მან ულტიმატუმის შესრულებაზე უარითქვა.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები