სომხეთი

ერევანში პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისთვის დრო შუაღამემდე მისცეს

Дмитрий Ловецкий / AP / Scanpix / LETA

სომხეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან გადადგომისთვის დრო შუაღამემდე მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ РИА Новости ავრცელებს.

სომხეთის პრემიერმინისტრს თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომისთვის დრო 00:00-საათამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები თავად "გადაწყვეტენ მისი წასვლის საკითხს". გამოცემა TACC-ის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები ფაშინიანისგან გადადგომაზე უარის შემთხვევაში, აპირებენ პრესკონფერენცია მოიწვიონ და თავის გეგმებზე ისაუბრონ. პარალელურად, ოპოზიციური პარტიის აყვავებული სომხეთის წევრებმა დაიწყეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურა, რათა განიხილონ ფაშინიანის გადადგომის საკითხი.

ერევანში მთიანი ყარაბაღის შეთანხმების მიღებას აპროტესტებენ. 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას უწოდებს.

10 ნოემბრის ღამეს სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მირზოიანი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სცემეს. მის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ

კომენტარები