საარჩევნო სიები

საარჩევნო სია

რჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაიწყეს საუბარი. ისინი ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურ ზრდას და ამით არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ.
სიებთან დაკავშირებით შემდეგი ჩივილები იკვეთება: ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მოხვედრა სიაში (ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი მილიონზე მეტია); ერთ მისამართზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც იქ არ ცხოვრობენ; დაურეგისტრირებელი გარდაცვალებები და, შედეგად, სიაში მოხვედრილი ე.წ. მკვდარი სულები; დუბლირებული ჩანაწერები, რომლებშიც ერთი ადამიანი ორ მისამართზეა რეგისტრირებული.
სიების მოწესრიგების მიზნით, წელს ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარი გამოიყო. ეს თანხა თანაბრად გადანაწილდა პროცესში ჩართვის მსურველ 12 ოპოზიციურ პარტიას შორის. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და ამ გზით ამოწმებენ მონაცემთა სისწორეს. საბოლოო ანგარიში მათ 15 მარტისთვის უნდა მიეწოდებინათ ცსკ-სთვის, მაგრამ ვადის 10 დღით გახანგრძლივება ითხოვეს.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საკითხს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, სია ძირითადად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (სამოქალაქო რეესტრი) არსებულ მონაცემთა საფუძველზე იქმნება, თუმცა ამ პროცესში სხვა უწყებებიც მონაწილეობენ.
სამოქალაქო რეესტრმა ამომრჩეველთა სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 თებერვალს გადასცა. სიაში თავდაპირველად 3 677 795 ადამიანი იყო. მონაცემების დამუშავებისა და გადამოწმების შემდეგ სია დაახლოებით 100 000 ადამიანით შემცირდა. მათგან უმრავლესობა გარდაცვლილია. ამოღებულთა მეორე ნაწილს პირადობის მოწმობა საზღვარგარეთ, საქართველოს საკონსულოებში აქვს აღებული და მათში უცხოური მისამართებია მითითებული. დანარჩენს აფხაზეთიდან დევნილები შეადგენენ, რომელთაც არ აქვთ დევნილის სტატუსი და პირადობის მოწმობებში აფხაზური მისამართები უწერიათ.
2002 წლის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 4,3 მილიონი ადამიანია, 2009 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით კი - 4 385 400. მათგან დაახლოებით 1 033 000 არასრულწლოვანია. ამრიგად, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 352 ათასია და ცსკ-ს სიებში ცდომილება დაახლოებით 235 ათასს აღწევს. მათ შორის საზღვარგარეთ მყოფებიც არიან.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, ცსკ-ს გადასცეს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები და არა აქვს უფლება, ამ სიიდან ამოიღოს უცხოეთში მყოფები. შემდეგ საკონსულოები და შსს-ს სასაზღვრო სამსახური აწვდიან ცსკ-ს ინფორმაციას უცხოეთში მყოფი მოქალაქეების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ უთითებს ცსკ სიაში, რომ ეს ამომრჩევლები საზღვარგარეთ იმყოფებიან.
2002 წლის აღწერით, საზღვარგარეთ 113 ათასი ადამიანი იმყოფება. სტატისტიკური მონაცემებით, 2002 წლის შემდეგ კიდევ 17 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, მაგრამ ემიგრანტთა ზუსტი რაოდენობა მხოლოდ მოსახლეობის ახალი აღწერის შემდეგ დადგინდება. შსს-ს სასაზღვრო სამსახური კი 2008 წლის პირველი იანვრიდან აღრიცხავს ქვეყნიდან გასვლას და ქვეყანაში შემოსვლას. მათი მონაცემებით, ბოლო ორი წლის მანძილზე 170 000 ათასი მოქალაქე გავიდა საქართველოდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ეს მონაცემები უნდა დამუშავდეს, რადგან ზოგიერთი მოქალაქის გასვლა დროებითი იყო. ის ვარაუდობს, რომ რიცხვი 100-150 ათასამდე შემცირდება. სულ მცირე, ერთი ამდენი კი 2008 წლამდე იყო გასული, რაც, ცსკ-ს თავმჯდომარის აზრით, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ შეცდომები სიაში თითქმის არ არის და ქვეყნიდან გასულთა სტატუსის სიაში მითითებით ცდომილება დაბალანსდება.
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სიაში მოხვედრილ მილიონობით ადამიანზე ლაპარაკი აბსურდია, რადგან ემიგრანტთა დიდმა ნაწილმა ქვეყანა 1995 წლამდე დატოვა, როცა პირადობის მოწმობები არ გაიცემოდა. სიაში კი მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც პირადობის მოწმობა საქართველოში აქვთ აღებული. მისი თქმით, სიებში დუბლირება არ არსებობს. ამ პრობლემის წყარო არასწორი დამისამართებაა, რაც სახელმწიფო დონეზე უნდა მოგვარდეს. სოფლებში მრავლადაა უსახელო ქუჩები, თბილისში კი ზოგ ქუჩას სახელი გადაერქვა, ზოგი გაიყო, ზოგიც შეერთდა, მაგრამ რეესტრს სახლები აქვს იდენტიფიცირებული, როგორც ცალკე ობიექტები. შესაბამისად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთხელ ხვდება სიაში. ვაშაძის აზრით, დამისამართების პრობლემა საარჩევნო პროცესისთვის ყველაზე ნაკლები საფრთხეა.
ვაშაძე ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა პირველ რიგში გარდაცვლილთა აღრიცხვის პრობლემა მოაგვარა. პროცედურა გამარტივდა. ადრე გარდაცვლილის ოჯახის წევრს უნდა შეეტანა რეესტრში განცხადება, ახლა კი სამედიცინო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აწვდიან რეესტრს ამ ინფორმაციას. თუ რეესტრს ინფორმაცია არ მიეწოდა, ექიმსა და რწმუნებულს 500-ლარიანი ჯარიმა ეკისრებათ. ასეთმა სანქციამ შედეგი გამოიღო და 2009 წლისთვის გარდაცვალებათა რეგისტრირების მაჩვენებელი 21,7%-ით, ანუ თითქმის 10 ათასით გაიზარდა. გამარტივდა ძველი გარდაცვალებების რეგისტრირებაც. ეს პროცედურა ახლა უფასო და გაცილებით სწრაფია. ასე რომ, ეტაპობრივად გვარდება ძველი გარდაცვალებების მოგვიანებით რეგისტრირების საკითხიც.
ვაშაძე ერთ მისამართზე რეგისტრირებულ ბევრ ადამიანთან დაკავშირებითაც შენიშნავს გარკვეულ პროგრესს. 2007 წლიდან ყველა მისამართზე, რომელზეც 10-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, გაიგზავნა თხოვნა ზედმეტი რეგისტრაციების გაუქმების თაობაზე. თხოვნას თითქმის არავინ გამოხმაურებია. ამიტომ თავად წავიდნენ შესამოწმებლად და ათასობით სახელი ამოიღეს რეესტრიდან, თუმცა რამდენიმე პრობლემა დარჩა: ზოგიერთი კორპუსი არასწორადაა დანომრილი. მაგალითად, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ კორპუსში, 27 ადამიანია რეგისტრირებული. ამ კორპუსს აქვს რვა სადარბაზო და თითოეულ მათგანში ბინების ათვლა იწყება ერთიდან. გამოდის, რომ ამ კორპუსში არის მაგ. რვა №5 ბინა. მსგავსი შეცდომა ბინების დანომვრისას რამდენიმე ადგილასაა დაშვებული; მეორე და მესამე კატეგორიის პრობლემაა საერთო საცხოვრებლები და ადამიანები, ვინც ვერ ნახეს, ან ვინც უარი თქვეს ბინიდან მოქალაქეთა ამოწერაზე.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბაზაში პრობლემები მინიმუმამდეა დაყვანილი და ეს იმ ღონისძიებების შედეგია, რომლებიც 2007 წლიდან ხორციელდება მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით.
რაც შეეხება სიებს, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ამჟამად უზუსტობა დაახლოებით 0,5-1%-ია. იგი იშველიებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მონაცემებს, რომელმაც სიების მონიტორინგი 2009 წელს ჩაატარა. მაშინ ცდომილება 2% იყო. სიაში 2010 წლის შესწორებებმა ეს პროცენტი შეამცირა. ცსკ-ს თავმჯდომარე ისევ ელოდება მონაცემებს პოლიტიკური პარტიებისგან და მზადაა, ნებისმიერი დასაბუთებული ხარვეზი აღმოფხვრას.

 

 

კომენტარები