მეცხრამეტე საუკუნის მკვლელობებით დაჩრდილული რუსული ოლიმპიადა

თუ რუსეთი ბოდიშს არ მოიხდის, მუსლიმანური დიასპორა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის გაუქმებას ან გადატანას მოითხოვს. ზამთრის თამაშების ადგილზე, მეცხრამეტე საუკუნეში, რუსებმა მათი წინაპრები ამოწყვიტეს.
ჩერქეზული დიასპორა, კავკასიის ჩრდილო-დასავლეთის მკვიდრი ხალხი, ახლა მთელ მსოფლიოშია გაბნეული. ისინიც უერთდებიან თამაშების მოწინააღმდეგეთა ისედაც გრძელ სიას - გარემოს დამცველთა ჯგუფ Greenpeace-ით დაწყებული, Amnesty International-ით დამთავრებული.
ჩერქეზებს მიაჩნიათ, რომ სოჭის ოლიმპიადა უტოლდება აუშვიცის სიკვდილის ბანაკების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიების ჩატარებას.

2014 წელს სოჭის ცარისტული სამხედრო კამპანიის შედეგად 300 ათასი ჩერქეზის ამოწყვეტიდან 150-ე წელი შესრულდება. რუსეთის ჟამთააღმწერლებმა მოვლენა 1864 წლით დაათარიღეს, თუმცა დღემდე არც ერთ ქვეყანას მკვლელობები გენოციდად არ შეუფასებია.
დეპორტაციამ და არეულობამ ბევრ ჩერქეზს უბიძგა სამხრეთისკენ - თურქეთისა და მიმდებარე ქვეყნებისკენ დაძრულიყო. მათი შთამომავლები, დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი, დღეს მიმოფანტულნი არიან მსოფლიოში, აშშ-დან ისრაელამდე და იორდანიამდე. დაახლოებით 700 ათასი მათგანი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში რჩება.
„თამაშები რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ჩერქეზული ისტორიის ძირფესვიანად აღმოფხვრას ემსახურება”, - ამბობს აშშ-ში დაბადებული ლიზა ჯარკასი, 30 ჩერქეზული ორგანიზაციისგან შემდგარი ჯგუფის No Sochi 2014-ის თანადამაარსებელი.
„ისინი აშენებენ ზედ საერთო საფლავზე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”, - განაცხადა მან Jamestown Foundation-ის მიერ ორგანიზებულ ჩრდილოეთ კავკასიის კონფერენციაზე.
No Sochi 2014 - ამ საკითხზე პროტესტს გამოთქვამდა ვანკუვერში, გასულ თვეს, ოლიმპიადის მსვლელობისას, მანამდე კი - ნიუ-იორკსა და სტამბულში. ორგანიზაციამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაუგზავნა მიმართვა, არჩეული მდებარეობის გადახედვის მოთხოვნით, თუმცა მიმართვას არავინ გამოხმაურებია.
2014 წლის სოჭის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა როიტერს განუცხადა: „ისტორიულ და პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება არ არის ჩვენი კომპეტენცია”. კომენტარზე უარი თქვა კრემლმა.
გასულ შაბათს ჩერქეზებმა, თბილისის სახელმწიფო არქივებიდან მოპოვებული დოკუმენტებით, ქართველ კანონმდებლებს წარუდგინეს რეზოლუცია მომხდარის გენოციდად შესაფასებლად.
თუ ყოფილი საბჭოთა საქართველო ამ ნაბიჯს დათანხმდება, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება.
ყველაზე ახლოს სისხლისღვრისთვის ბოდიშის მოხდასთან რუსული სახელმწიფო იყო 1994 წელს, როცა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ცარისტების მიერ ჩადენილი ძალადობისთვის წინააღმდეგობის გაწევა ლეგიტიმურად ცნო.
(მოამზადეს ემი ფერის-როტმანმა და დენის დიომკინმა მოსკოვიდან; რედაქტორი მეთიუ ჯონსი)



 

 

კომენტარები