საბა ანუ ლიტერატურის ერთი საჯარო საღამო

დღეს, როცა ფართო საზოგადოებისთვის მხატვრული ლიტერატურა მხოლოდ ირიბი გზებით ხდება აქტუალური – ვგულისხმობთ საპროტესტო აქციებზე მოლექსეების გულისგამგმირავ ქუხილს ან სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციის მიერ, გნებავთ, ნაკლებად ღირებული ტექსტების საჯაროდ დაწვის მცდელობებს, ერთადერთი მოვლენა, რომელიც თითქმის მთელი საქართველოს თვალყურს, თუნდაც ერთი საღამოს განმავლობაში, წიგნისკენ მიაპყრობს, ნამდვილად არის ლიტერატურული პრემია „საბა” და მისი დაჯილდოების ცერემონიალი, რუსთავი 2-ის ეთერში საკმაო პომპეზურობით რომ გადაიცემა. ამბობენ, რომ „საბას ფრთა’’ ჩვენებური სამწერლო ელიტის არც მთლად საგულდაგულოდ ჩაკეტილი კარის ერთგვარი გასაღებიც კია. შესაბამისად, კონკურსი ყოველთვის იწვევს ვნებათაღელვას, ვნებათაღელვა კი – ათას ჭორსა და მართალს.
წელს საბას „ლონგ-ლისტი” ანუ გამომცემლობების მიერ წარდგენილ წიგნთა სია მოგვიანებით გამოქვეყნდა. მცირე ხმაური ამანაც გამოიწვია, თუმცა მალევე ჩაცხრა. ჩვენ კი შევეცადეთ, ზოგიერთი კითხვა, რომელიც ქართველ მკითხველს აწუხებდა, ორგანიზატორებისთვის მიგვეწვდინა და ერთ-ერთ მათგანს, TBC ბანკის ფიარის განყოფილების უფროსს, მაია ძირკველიშვილს გავესაუბრეთ.
– როგორ გაჩნდა „საბას” იდეა?
– TBC-ის ინიციატივა იყო – 2002 წელს ჩვენი ბანკი 10 წლის გახდა. იმის ნაცვლად, რომ რამე ერთდღიანი ღონისძიება გაგვემართა, რომელიც უკვალოდ ჩაივლიდა, გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა გრძელვადიანი პროექტი კულტურის სფეროში. მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენს დროში დახმარება ლიტერატურას და წიგნს სჭირდება. დავუკავშირდით ახალი თაობის ავტორთა ჯგუფს – დათო ტურაშვილს, დათო მაღრაძეს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს – ისინიც სიამოვნებით ამოგვიდგნენ მხარში. დამფუძნებლებს, გარდა ჩვენი ბანკისა, პენ-კლუბი, გაზეთი 24 საათი და ტელეკომპანია რუსთავი 2 წარმოადგენენ.
- ხომ არ გაგითვალისწინებიათ სხვა ლიტერატურული კონკურსების, თუნდაც საზღვარგარეთულის გამოცდილება ან მოდელი?
- დიახ, ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ხელოვანებმა მოიტანეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც სხვა ქვეყნების, ისე საქართველოს გამოცდილებას. დღემდე ეს მოდელი მუშაობს და ვთვლით, რომ დიდი წარმატებითაც.
- ტრივიალურად რომ გკითხოთ, გაამართლა?
- ბუნებრივია. მართალია, ჯერ შესაბამისი სოციოლოგიური კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მიზანი, რომ საბა ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო გამხდარიყო, ალბათ მიღწეულია. ამის თქმის საბაბს გვაძლევს ის უდიდესი ინტერესი, რასაც ეს კონკურსი დღემდე იწვევს ავტორებსა თუ გამომცემლებში.
- გამომცემლობებზე ჩაგეკითხებით. რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთ წერილში მოყვანილია ფაქტი, რომ მათი უმრავლესობა წიგნების ნაწილს წინა წლის სახელით გამოსცემს, რათა კონკურსში წარდგენის უფლება მოიპოვოს.
- გეთანხმებით, ოღონდ ეს ჩვენს კომპეტენციას, ასე თუ ისე, სცილდება. თანაც, სამწუხაროდ, როგორც ვიცი, არ არსებობს რაიმე მყარი მონაცემთა ბაზა. თუმცა არის სხვა, უფრო საყურადღებო დეტალები. მაგალითად, წელს იმიტომაც შეფერხდა “ლონგ-ლისტის” გამოქვეყნება, რომ წარმოდგენილი კრებულების უმრავლესობაში წინა წლებში გამოქვეყნებული ლექსები თუ მოთხრობები შედიოდა. ახლა გამონაკლისი დავუშვით. მომავალი წლიდან ამგვარი წიგნები აღარ მიიღება.
- ხომ არ გეგმავთ ნომინაციაში, ვთქვათ, ისეთი მიმართულების დამატებას, როგორიც ლიტერატურული პერფორმანსი ან ვიდეოარტია?
- ამ თემას ჯერჯერობით არ განვიხილავთ. საბას მიზანი, უპირველესად, წიგნის პოპულარიზაციაა.
- ბოლო პერიოდში „საბაზე” ერთი-ორი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა. ძირითადი შენიშვნები უკავშირდებოდა ჟიურის უცვლელ შემადგენლობას, მათზე ზეწოლას, ასევე დამფუძნებელთა მონაწილეობას კონკურსში...
- ჟიური კონფიდენციალურია, თუმცა არ გამოვრციხავ, რომ თბილისის ლიტწრეების სიმცირის გამო ვინმეს გაეგო და ეცედა ზეწოლა, თუმცა, მჯერა, უშედეგოდ. უცვლელი კი არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ხანდახან ზოგიერთი წევრი მეორდებოდა, რაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ. ასეა ბევრ წარმატებულ კონკურსში. ყოველთვის ვცდილობთ, სხვადასხვა თაობა იყოს წარმოდგენილი. ჟიურის წლევანდელი შემადგენლობა სრულიად განსხვავდება წინა წლებისგან. ერთი სიურპრიზიც გვაქვს - მისი წევრი იქნება საზოგადოებისთვის სხვა კუთხით ცნობილი პოროვნება. რაც შეეხება მეორე პრეტენზიას, როგორ ფიქრობთ, თუ რომელიმე დაფუძნებელმა კარგი წიგნი დაწერა, უნდა უგულებელვყოთ?
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამ კუთხით სერიოზული კრიტიკის ნაკლებობას განვიცდით.


 

კომენტარები