არაღიარების გზა

0 კომენტარი

 რამდენიმე დღის წინ თბილისში დასრულდა ამბასადორიალი, სადაც ქვეყნის დიპლომატებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს. მათ შორის წამყვანი როლი უკავია ე.წ. არაღიარების პოლიტიკას. ცხადია, იგი მიზნად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების პრევენციას ისახავს.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთანავე მედიაში საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა: მოსკოვი 40-მდე ქვეყანასთან აწარმოებდა აქტიურ მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმების აღიარების შესახებ. ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ – „მაღიარებლების” ნუსხა ჯერჯერობით ამ ჩამონათვალს ვერ გასცდა. თუმცა ცნობილია ისიც, რომ რისკ-ჯგუფი უფრო ფართოა და იგი ორი კატეგორიის სახელმწიფოებს შეიცავს. პირველი – საბჭოთა კავშირის დროიდან რუსეთთან დამოკიდებულებით ურთიერთობებში მყოფი, მეორე – ე.წ. არშემდგარი სახელმწიფოები და იზოლაციონისტური პოლიტიკის მატარებელი ქვეყნები. მათთვის რუსეთის სამხედრო პარტნიორობა არსებობის ერთადერთი გზაა.
ორი წლის წინ ლუკაშენკოს ხელისუფლება გახლდათ მოწინავე ადგილზე რისკ-ჯგუფის ქვეყნებში. თუმცა პროცესი რუსეთ-ბელარუსის ცნობილი დაპირისპირებით დასრულდა. მანამდე საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობები დათბა. ეს მომენტი, ცხადია, არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების გააქტიურება ასევე პრევენციული პოლიტიკის ნიშანია. ეს იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ირანისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სავარაუდო აღიარების შემაფერხებელი მექანიზმი სუსტია. ამ ქვეყანაზე საქართველოს მოკავშირე ქვეყნებს სუსტი გავლენა აქვთ.
რაც შეეხება სახელმწიფო და ეკონომიკური მოწყობის არმქონე და იზოლაციონისტურ ქვეყნებს. მაგალითისთვის, საინტერესოა ე.წ. ტაივანის მოდელი. ტაივანის დამოუკიდებლობის მაღიარებელთა 23-ეულში სწორედ საქართველოსთვის რისკ-ჯგუფში მყოფი ქვეყნები შედიან. მათ შორისაა იგივე ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა. ტაივანის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ფინანსური ან მსგავსი ინტერესებით მოპოვებული პოლიტიკური აღიარება სტაბილური არ არის. მაგალითად, 1999 წელს მაკედონიამ ტაივანის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი ანაზღაურების ფასად აღიარა, 2001 წელს კი გადაწყვეტილება შეცვალა. ნაურუს ხელისუფლებამ 2002 წელს ჩინეთისგან 130 მილიონი დოლარი აიღო და ტაივანის დამოუკიდებლობის ცნობაზე უარი თქვა. 2005 წელს კი, ახლა უკვე საწინააღმდეგო გადაწყვეტილებისთვის მიიღო შემოსავალი და ტაივანის დამოუკიდებლობა აღიარა.
შესაბამისად, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკაში რამდენიმე მიმართულება იკვეთება:
საქართველო მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. არგუმენტი მარტივია – ამ გზით მიიღწევა ქვეყნების მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. დღეისთვის არსებული სტატისტიკა ასეთია: 2010 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს 145 ქვეყანასთან (მათგან ორთან – რუსეთთან და ნიკარაგუასთან ამ ეტაპზე შეწყვეტილია). 2008 წლის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობა უკვე დამყარებულია 19 ქვეყანასთან, 49-სთან კი დამყარების პროცესი მიმდინარეობს. ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. პარალელურად იხსნება ახალი საელჩოები. მაგალითად, ამ დღეებში ცნობილი გახდა მექსიკაში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის განზრახვის შესახებ. ამ წრის გაფართოების მცდელობას პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტები მოწმობს. საქართველოს პირველი პირი კოსტა-რიკაში და კოლუმბიაში პრეზიდენტების ინაუგურაციას დაესწრო, ხოლო ჰონდურასისა და გვატემალის ლიდერებს შეხვდა.
გარდა ამისა, არაღიარების პოლიტიკის ნაწილია ტრადიციულ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების მცდელობები. ამ სახელმწიფოებმა მსოფლიოში საკუთარი პოლიტიკური წონა უნდა გამოიყენონ პროცესის მხარდასაჭერად. ასევე ნიშანდობლივია საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგალითად ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში გააქტიურება. ამ პოლიტიკის წყალობით ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 35-ე სესიაზე მიიღეს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს ეხმაურება.
ასევე ამ აქტიურობის შედეგია გაეროს 7 სექტემბრის რეზოლუცია, რომლის მიღების პროცესი დეტალურ წარმოდგენას გვაძლევს არაღიარების პოლიტიკის მიღწევასა და პრობლემებზე. ხსენებული დოკუმენტი გაეროში 50-ით 17-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მხარდამჭერთა ნუსხა ორი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციაში 36 წევრი ქვეყნით გაიზარდა. ცხადია, პრობლემაა რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა ნუსხაში მეზობელი სომხეთის აღმოჩენა და უკრაინის მიერ კენჭისყრისთვის თავის არიდება.
არაღიარების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში. მაგალითად, ჰააგაში ამ დღეებში მიმდინარე პროცესი, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში საქართველო და რუსეთი საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენდნენ.
ხელშესახები შედეგები, ჯერჯერობით, სწორედ რეზოლუციები და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმების აღიარების პროცესის შეფერხებაა. თუმცა, საქართველოში, ცხადია, უფრო მეტად რეალური დეოკუპაციის პერსპექტივა აინტერესებთ. დღეს ძნელი სათქმელია, რა შეიძლება გახდეს საქართველოს შემთხვევაში გარდამტეხი წერტილი, რაც მას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში შეუწყობს ხელს. თუმცა საქართველოსთვის საინტერესო შეიძლება იყოს კვიპროსის მაგალითი. მის დამოუკიდებლობას იმავე რაოდენობის და წონის ქვეყნები უჭერენ მხარს, როგორც ეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშია. თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავება – თურქეთი ევროკავშირისკენ მიილტვის, მას არ სურს დასავლური პოლიტიკის კეთროვნად იქცეს. იგი მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მხარედაა ჩართული. სწორედ ამ სახელმწიფოს გავლენით კვიპროსის ჩრდილოეთმა – თურქულმა – ნაწილმა, განსხვავებით ბერძნული ნაწილისგან, გაერთიანებას დაუჭირა მხარი. რუსეთზე კი დასავლეთს მცირე გავლენა აქვს და არც ეს ოკუპანტი ქვეყანა არის მოწადინებული ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით. შესაბამისად, 2004 წლის 24 აპრილის რეფერენდუმზე კუნძულის სწორედ სამხრეთმა, ანუ ბერძნულმა ნაწილმა თქვა უარი გაერთიანებაზე. რეფერენდუმზე ბერძენი კვიპროსელების 75-მდე პროცენტმა უარყო გაეროს გეგმა. ხოლო თურქი კვიპროსელების უმრავლესობა, 65 პროცენტი, გეგმას მიემხრო. ცხადია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ გაეროს მიერ შემუშავებული გაერთიანების გეგმა გარკვეულწილად პროთურქული გახლდათ. მაგალითად, გეგმის მიხედვით, თურქული ჯარები ჩრდილოეთ კვიპროსში რჩებოდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – გეგმა შეიცავდა ჩრდილოეთ კვიპროსში ბერძენი დევნილების დაბრუნების დისკრიმინაციულ კვოტებს. შედეგად სამხრეთ კვიპროსი ევროკავშირში ჩრდილოეთი, ანუ თურქული, ნაწილის გარეშე შევიდა. სხვათა შორის, ამის შემდეგ კვიპროსის თურქული ნაწილის ხელისუფლებამ თავისი ინიციატივით გახსნა საზღვარი და ინტეგრაციის გარკვეულ ნიშნებსაც იძლევა.
ზემოთ უკვე ნახსენები ტაივანის გამოცდილებიდანაც საინტერესოა ერთი დეტალი – თუ თავის დროზე ტაივანი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ჩინეთთან ურთიერთობის, ბოლო წლებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მხარეებს შორის ეკონომიკური კავშირების გაცხოველების შესახებ. თუმცა პოლიტიკური საკითხი ამ ეტაპზე კვლავ დაურეგულირებელი რჩება.
საქართველოს მიერ მომზადებული კონცეფცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თავისი შინაარსით, პირველ ეტაპზე, სწორედ მხარეებს შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენას ისახავს მიზნად. რეალურ დეოკუპაციამდე, სავარაუდოდ, მსგავსი გზის გავლა საქართველოსაც მოუწევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები