მრჩეველთა ვიწრო წრე

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დენის მაკდონო. ოვალური კაბინეტი
დაივიწყეთ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი. როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ობამას შიდა წრე ისე ვიწროვდება, რომ იქ მხოლოდ დენის მაკდონოსთვის რჩება ადგილი. 40 წლის სახელმწიფო მოხელე დენის მაკდონო მინესოტელი კათოლიკური ოჯახიდანაა. მისი ორი ძმა მღვდელია. თვითონაც ღრმად მორწმუნეა. ამერიკელთა უმეტესობა მას არ იცნობს. იგი იმდენად ახლოსაა პრეზიდენტთან, რომ უფრო მაღალი რანგის კოლეგებიც კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს მასთან ათანხმებენ.
2009 წლის ოქტომბრიდან მაკდონო ეროვნული უსაფრთხოების შტაბის ხელმძღვანელია. ობამას ნდობა მან 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაიმსახურა. მაკდონო აქტიურად იცავდა საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციებს, იგერიებდა კრიტიკოსებს. დენისი ლეგენდარული ელექტრონული შეტყობინებების წყალობით გახდა ცნობილი. იგი მომავალი პრეზიდენტისადმი კრიტიკული სტატიების ავტორებს უგზავნიდა წერილებს. გახმაურებულია ერთი შემთხვევა ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტსა და სავაჭრო დეპარტამენტის მოხელესთან, დევიდ როტკოფთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების გამო არა ობამა, არამედ კლინტონი შეაქო. როტკოფმა პირველი ელექტრონული გზავნილი მაკდონოსგან მიიღო.
„პროფილისთვის საინტერესო არჩევანია” – ლაკონურად ეწერა წერილში.
ობამას გამარჯვებას მაკდონოს მხარდაჭერამ და ძალისხმევამაც შეუწყო ხელი. ფერადკანიანი საპრეზიდენტო კანდიდატი სულ რაღაც ექვსი წლის ჩამოსული იყო ვაშინგტონში და ნაკლები კავშირები ჰქონდა დემოკრატების საგარეო პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. მაკდონო ქვეყნის მომავალ ლიდერს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული მანიფესტაციებისა და დებატების დროსაც თან ახლდა. იგი უმკლავდებოდა დემოკრატების მხრიდან ობამას საგარეო პოლიტიკის საჯარო კრიტიკას. ამას წარსული გამოცდილების წყალობით მშვენივრად ახერხებდა.
დენის მაკდონო 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში მუშაობდა. იგი სენატში დემოკრატების ლიდერის თომ დეშლის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის კუთხით, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში. ამ პოსტს 2004 წლამდე იკავებდა. შემდეგ სენატორ კენ სალაზარის საკანონმდებლო დირექტორი გახდა. ამას მოჰყვა მისი ანალიტიკური საქმიანობა მემარცხენე ხაზის მქონე ამერიკული პროგრესის ცენტრში (Centre for American Progress). სწორედ ამ კვლევითი დაწესებულებიდან არიან ახალი ადმინისტრაციის მთავარი მრჩევლები.
ობამას საარჩევნო კამპანიაში მაკდონო ადრეული ეტაპიდან ჩაერთო. იგი ზედამხედველობდა 300 ადამიანისგან შემდგარ ექსპერტთა გუნდს. გუნდი საკითხების მიხედვით 20 ჯგუფად იყოფოდა. არჩევნებში წარმატების შემდეგ მაკდონო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსად დანიშნეს. ამ დროს იგი ობამას ძირითადი გამოსვლების ტექსტებს უწერდა. წინა წლის ოქტომბერში მან ამჟამინდელი პოსტი დაიკავა. პრეზიდენტის მხრიდან მაღალი ნდობის გამო, პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი მასთან გადამოწმების გარეშე ოფიციალურ მოხსენებებსა და დოკუმენტებს არ გამოსცემს.
დენის მაკდონო მსოფლიოში ამერიკის ავტორიტეტის აღდგენის გზად გლობალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას მიიჩნევს. მისთვის უმთავრესი ამოცანა სიღარიბის დაძლევაა. პოლიტიკოსი დიდ ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოს ენერგო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე. მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა იქონია ობამას ქმედებებზე.
სამაგიეროდ დენის მაკდონო არ გამორიცხავს ერაყთან, კუბასთან, ირანთან და სხვა პრობლემურ ქვეყნებთან დიალოგს. რუსეთი კი საგარეო საფრთხეების სათვალავში სულ უფრო ნაკლებად მიიღება. ამის ნათელი დასტური პოლონეთში საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე უარის თქმა გახლდათ. უფრო მეტიც, სწორედ ამ ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაიწყო საუბარი ირანთან, ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერების სანაცვლოდ, თეირანისთვის რეჟიმის შენარჩუნებაზე გარანტიების მიცემის შესახებ. მანამდე ბუშის ადმინისტრაცია ამგვარი დაპირებებისგან თავს იკავებდა. თუმცა აქვე ისიცაა აღსანიშნავი, რომ სწორედ ახალმა სახელმწიფო მდივანმა მოითხოვა სანქციების დაწესება თეირანისთვის გაეროს უშიშროების საბჭოზე.
ერაყიდან ჯარების ეტაპობრივად გაყვანის თაობაზე ობამას გუნდში განსხვავებული პოზიციები იყო. მაკდონო თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ერაყის ომს. კონგრესსა და ყოფილ პრეზიდენტს კი შედეგების გათვლის გარეშე ბრძოლების დაწყებაში ადანაშაულებდა. მაკდონოს მტკიცებით, თვეში ორი საბრძოლო ბატალიონის სამშობლოში დაბრუნებით ქვეყანა 16 თვეში ამერიკული სამხედროებისგან გათავისუფლდებოდა. ერაყთან მიმართებაში შემუშავდა ე.წ. „რბილი ძალის” გამოყენების პოლიტიკა – დიპლომატია და ეკონომიკა აშშ-ს ინტერესების მისაღწევად. სამაგიეროდ, უნდა გაზრდილიყო სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში. სწორედ მისი ინიციატივით გააგზავნა ობამამ დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი ქაბულში, რომელთა გამოყვანას 2011 ივლისიდან დაიწყებენ.
ობამას პოლიტიკურ მრჩეველთა წრე საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იგი ყოველთვის ვიწროვდება. იქ კი მთავარი ფიგურა დენის მაკდონოა.
 

კომენტარები