რომის პაპი: ებრაელ ხალხს არასოდეს უნდა დაბრალდეს ქრისტეს ჯვარცმა

რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ  რომის კათოლიკური ეკლესიის მეორე კრების სულისკვეთება გააგრძელა და მის მიერ გამოცემულ წიგნში, ”იესო ნაზარეველი: იერუსალიმში შესვლიდან ამაღლებამდე”, კათოლიკურ სამყაროს მათეს სახრების 27-ე თავის მისეული გაგება შესთავაზა. სახარების ამ თავს კათოლიკური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ებრაელების წინააღმდეგ იყენებდა, ადანაშაულებდა რა მათ ქრისტეს მიმართ ჩადენილ დანაშაულში. მათეს სახრების მიხედვით, პილატეს შეკითხვაზე: ”რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე?”  ბრბომ დაიძახა: ”ჯუარს აცვი ეგე!” შემდეგ    ხალხმა უთხრა პილატეს: ”სისხლ მისი ჩვენზე და ჩვენ შვილებსა ზედა!”

პონტიფიკოსის თქმით, ქრისტეს სისხლი კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვების გამოსასყიდად დაიღვარა და არ შეიძლება ეს ”წყევლად მოევლინოს ვინმეს.”  CatholicHerald-ის ცნობით, რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ გამოცემულ წიგნში პაპი განმარტავს, რომ მათეს სახარების  27-ე თავში აღწერილი მოვლენები უფრო ღრმა განმარტებას მოითხოვს. ბენედიქტე მეთექვსმეტის განმარტებით, სახარების ეს მონაკვეთი არა მთელ ებრაელ ერს, არამედ იქ, იმ დროს, შეკრებილ ებრაელ მთავართა მხარდამჭერებს ეხებოდა.  

1965 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის მეორე კრებამ დაადგინა რომ ”იუდეველ ხელისუფალთა და მათი მომხრეების მოთხოვნა იყო ქრისტეს სიკვდილი. მიუხედავად ამისა, მის ვნებაში დამნაშავედ ვერ მივიჩნევთ განურჩევლად ყველა იუდეველს, არც მათ, ვინც მაშინ ცხოვრობდა, არც ჩვენს თანამედროვეს” ამავე კრებაზე გაკიცხეს ნებისმიერი ადამიანის დევნა. ”ის [კათოლიკური ეკლესია] ღრმად წუხს ყოველგვარი სიძულვილის, დევნისა და ანტისემიტიზმის გამოვლინების გამო, რაც კი ოდესმე ან ვინმეს მიერ იუდეველთა წინააღმდეგ ყოფილა მიმართული,” ნათქვამია კათოლიკური ეკლესიის მეორე კრების დადგენილებაში. მაშინ ამ განცხადებებმა მრავალი კათოლიკე აღაშფოთა.

კომენტარები