რუსეთი

პუტინიზმი და WTO

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა კონსულტაციები 7-8 ოქტომბერს შვეიცარიის დედაქალაქში გამართეს. 


როგორც ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა, მოლაპარაკებები „ფუნდამენტურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო”  ჩაიშალა. თბილისის მთავარი მოთხოვნა საერთო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მონაკვეთებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებაა. კაპანაძის თქმით, მოსკოვი მოთხოვნას კვლავ ეწინააღმდეგება. „თუ რუსეთი ამ  საკითხზე პოზიციას არ შეცვლის, მაშინ საქართველო ვერ დათანხმდება WTO-ში მის გაწევრიანებას”, – განაცხადა კაპანაძემ.   

სერგი კაპანაძის თქმით, მოლაპარაკებების ჩაშლა, რუსეთის WTO-ში გაწევრიანებაზე ავტომატურად ვეტოს არ ნიშნავს და შეხვედრები, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს. მისი თქმით, შვეიცარიის მხარემ თბილისს ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთი შეხვედრის გამართვის თაობაზე უკვე მიმართა. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველო  შესაძლოა მასში მონაწილეობას დათანხმდეს, „მაგრამ თუ რუსეთი იმავე პოზიციებზე დარჩა, ათი შეხვედრაც რომ გაიმართოს, ამას აზრი არ ექნება”. 

მოლაპარაკებების გაგრძელებასთან  დაკავშირებით პესიმისტურ განწყობებს, შვეიცარიულ გაზეთ Le Temps-თან საუბრისას, ერთ-ერთი შვეიცარიელი დიპლომატი ამჟღავნებს. მისი თქმით, „უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმატების გარანტიის მოცემა არავის შეუძლია”.    

იმის შესახებ, რომ მოსკოვი თბილისთან მოლაპარაკებებში პოზიციებს არ დათმობდა, ბოლო რაუნდის წინა დღეს, 6 ოქტომბერს გახდა ცნობილი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია. 
 
„უნდათ თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ რუსეთი WTO-ს წევრი გახდეს?” – იკითხა  პუტინმა და იქვე აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი „საქართველოს საკითხს არ უნდა ამოეფარონ”. „თუ მათ სურთ, ამის ძალიან სწრაფად გაკეთება შეუძლიათ”, – განაცხადა მან.

დასავლურ მედიაში რუსეთის პრემიერის განცხადება საქართველოზე ზეწოლისკენ მოწოდებად აღიქვეს.  

„სავაჭრო ორგანიზაციის გარშემო მოლაპარაკებებმა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს მსოფლიო პუტინის გადაწყვეტილებაზე – პრეზიდენტად კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. ამ განცხადებით პუტინმა ევროპასა და აშშ-ს შესთავაზა, საქართველოზე ზეწოლა მოახდინონ”, – აღნიშნავს  New York Times-ი.  

“ეს ცინიკური და იმთავითვე ცრუ ბრალდება ანალიზს იმსახურებს, რადგან ნათლად მეტყველებს რუსეთის მომავალ კურსზე პუტინიზმის შემდგომი ეტაპის განმავლობაში, რომელიც, შესაძლოა, ათეულობით წელი გაგრძელდეს”, – მსჯელობს პუტინის განცხადებაზე Washington Post-ი. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში საქართველოზე ზეწოლას გამორიცხავენ. „თუმცა, პუტინი შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩეს – თუ საქართველოს იძულება ვერ მოახერხა, იგი მას დაადანაშაულებს საკუთარი ძალისხმევის ჩაშლაში იმ სავაჭრო რეჟიმთან გასაერთიანებლად, რომელსაც კრემლის კორუფციული ქსელებისთვის ხელის შეშლა შეუძლია”, – აღნიშნავს Washington Post-ი. 
განცხადება იმის შესახებ, რომ WTO-ში გაწევრიანებას წლის ბოლომდე ელის, პუტინმა მოლაპარაკებების ჩაშლილი რაუნდის შემდეგ, 11 ოქტომბერსაც გააკეთა. როგორც მან ჩინეთში ყოფნისას განაცხადა, „დარწმუნებული ვარ, დღეს ეს პოლიტიკური საკითხია და ის ჩვენ მთავარ პარტნიორებზეა დამოკიდებული”. 

წლის ბოლომდე რუსეთის WTO-ში მიღებას მხარს ვაშინგტონიც უჭერს. თუმცა, როგორც სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტში გამოსვლისას რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, WTO-ს წევრობის საკითხი კონსენსუსით წყდება და საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება გამორიცხულია. “ჩვენ ნათლად გავაგებინეთ რუსეთს, რომ საქართველოსთვის გვერდის ავლის ხერხი არ არსებობს. ორმა ქვეყანამ უთანხმოებები შუამავლების დახმარებით უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა მაკფოლმა. 
 

კომენტარები