რუსეთი

ვლადისლავ სურკოვი პოლიტიკას ჩამოაშორეს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი ვიცე-პრემიერად დანიშნა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობაში სურკოვი ეკონომიკის მოდერნიზაციას უხელმძღვანელებს.

ვლადისლავ სურკოვს რუსული პოლიტიკის რუხ კარდინალად მიიჩნევენ. მრავალი წლის განმავლობაში იგი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, „სისტემურ“ პარტიებსა და არჩევნების მიმდინარეობას აკონტროლებდა.

როგორც ვლადისლავ სურკოვმა სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა, ახალ თანამდებობაზე იგი პოლიტიკურ პროექტებზე აღარ იმუშავებს. მაღალჩინოსანმა ირონიით აღნიშნა, რომ იგი „საკმაოდ ოდიოზურია ამ ახალი სამყაროსთვის“.

სურკოვის ადგილას კი მედვედევმა პუტინის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი ვიაჩესლავ ვოლოდინი დანიშნა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად მედვედევმა ასევე „პუტინის კაცი“ - ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი დანიშნა. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სერგეი ნარიშკინი ახალარჩეული სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი გახდა.

 

კომენტარები