ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზურ-ჩერქეზული განხეთქილება

ჩერქეზული მოძრაობის წარმომადგენლებსა და აფხაზთა შორის პოლიტიკური უთანხმოება გამძაფრდა, რაც საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ყაბარდოელი აქტივისტის, 1992-93 წლებში აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ჩერქეზი მოხალისეების მეთაურის, იბრაჰიმ იაგანოვის მოსაზრებებმა აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია.

გასულ თვეში, ისრაელელ პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩთან საუბრისას იაგანოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ არსებობს და რუსეთზეა დამოკიდებული.

იაგანოვის მტკიცებით, აფხაზეთში „ახალგაზრდობა იყურება თბილისის მხარეს”, საქართველოს კი აფხაზების მიმართ მოსკოვზე უკეთესი დამოკიდებულება აქვს. ამას აფხაზებიც გრძნობენ.

მისი შეფასებით, რუსული პოლიტიკა აფხაზეთში მარცხს განიცდის. დახმარება აფხაზი მაღალჩინოსნების ჯიბეებში ილექება. იაგანოვმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში არსებობს „დიდი შანსი”, აფხაზებმა საქართველოსთან ფედერაციულ ან კონფედერაციულ საწყისებზე თანაარსებობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.

„თუ ყველაფერი შემდგომში ამ მიმართულებით გაგრძელდა, რუსი ჩინოვნიკების ძალისხმევით, ეს შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ამგვარი შესაძლებლობა სერიოზული მსჯელობის საგანი გახდება”, – განაცხადა იაგანოვმა.

აქტივისტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომში მებრძოლი ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების უმრავლესობა დღეს ამ კონფლიქტს განსხვავებულად აფასებს და საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგებას უჭერს მხარს.

იაგანოვის ინტერვიუს მწვავე რეაქცია მოჰყვა სოხუმში. „მას შემდეგ, რაც იაგანოვმა თქვა, რომ აფხაზი ახალგაზრდობა თბილისისკენ იყურება, უმჯობესია, აფხაზეთში აღარ ჩამოვიდეს”, – განაცხადა აფხაზმა პოლიტოლოგმა ანატოლი ოტირბამ. მან იაგანოვი „პოლიტიკური დაკვეთის” შესრულებაში დაადანაშაულა, რომლის მიზანი კავკასიაში ახალი კონფლიქტის გაჩაღებაა.

აფხაზმა ჟურნალისტმა დავით დასანიამ იაგანოვისადმი საგანგებო მიმართვაში აფხაზებსა და მონათესავე ხალხებს შორის მიმდინარე „საინფორმაციო ომზე” გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს ინტერნეტსივრცეში ჩერქეზების მიერ აფხაზების შეურაცხყოფაში, მათი ისტორიისა და კულტურის დამცირებაში ვლინდება. „საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ ახალგაზრდა

ჩერქეზებმა აფხაზები შეიძულეს”, – მიიჩნევს დასანია. მისი მტკიცებით, აფხაზეთი, რუსეთზე დამოკიდებულების მიუხედავად, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს – აფხაზებს „მშვიდად ცხოვრების სხვა შანსი არ აქვთ, რუსეთის გარდა”, რომელიც „ძველი და იმპერიალისტური” აღარ არის. საქართველოსთან გაერთიანების პერსპექტივა დასანიამ კატეგორიულად გამორიცხა. მისი აზრით, ეს აფხაზეთს დამოუკიდებლობის დაკარგვითა და „გაქართველებით” ემუქრება.

თავად იბრაჰიმ იაგანოვმა აფხაზი ოპონენტების რეაქციას მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე „ისტერიული” უწოდა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული რეფორმები მიმდინარეობს, აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრებაში კი 20 წლის განმავლობაში ცვლილებები არ მომხდარა.

„არ შეიძლება მუდმივად ომის მდგომარეობაში ცხოვრება. გამარჯვებულები, რომლებმაც რაიხსტაგზე დროშა აღმართეს, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილიშვილები გერმანიაში ცხოვრებაზე იოცნებებდნენ. მაგრამ ეს მოხდა და ნორმალური ევოლუციური პროცესია”, – აღნიშნა აქტივისტმა. იაგანოვის აზრით, დღევანდელი აფხაზური პოლიტიკა ხელს უშლის ჩრდილოკავკასიელებს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგებაში. მან სოხუმს თბილისთან აქტიური დიალოგისკენ მოუწოდა.

„ისტერიკა სიტყვა საქართველოს გაგონებაზე, ხელს გვიშლის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაში. რუსეთის გავლით ეს გზა ძალიან ვიწრო და კონტროლირებადია. ჩვენ ვოცნებობდით, რომ აფხაზეთი ჩერქეზი ეთნოსისთვის მსოფლიოში ფანჯარა გახდებოდა, მაგრამ ვერ გახდა. მეტიც – გვიკეტავს მეორე ფანჯარას, რომელიც საქართველოზე გადის”, – მიიჩნევს იაგანოვი.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჩერქეზებმა საქართველოს წინააღმდეგ ომში დიდი როლი შეასრულეს, სწორედ საქართველომ გაუწოდა მათ ხელი ჩერქეზთა გენოციდის საკითხში.

„მიგვაჩნია, რომ ისტერიისა და ცივი ომის გაგრძელება არალოგიკურია. დადგა დრო (საქართველოსთან) ურთიერთობა გადავტვირთოთ. ეს გადატვირთვა შესაძლოა საინტერესო იყოს არა მხოლოდ ჩერქეზებისთვის, არამედ აფხაზებისთვისაც”, – მიიჩნევს იაგანოვი.

საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების მნიშვნელობაზე, რადიო ადიგასათვის მიცემულ ინტერვიუში, იორდანიაში მცხოვრებმა ჩერქეზმა აქტივისტმა და მეცნიერმა ადილ ბაშქავიმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლითაც ქართველებმა, როგორც კავკასიელმა ხალხმა და გაეროს წევრმა, ჩერქეზთა გენოციდის მიმართ „გონიერი დამოკიდებულება” და „მორალური პასუხისმგებლობა” გამოავლინეს.

ამავე დროს, ჩერქეზთა გენოციდზე პოზიციის გამოთქმისგან სოხუმში დღემდე იკავებენ თავს, რაც მონათესავე ხალხებთან აფხაზთა ურთიერთობებს ართულებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი ძლიერი რუსული ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, მათგან გამბედაობას არ ველით... თუმცა, აფხაზეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი, რუსეთის გარკვეული ძალების ზეგავლენით, ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც ყველაზე რეაქციული მოწინააღმდეგეებისგანაც არ ველოდებით”, – განაცხადა გასული წლის ოქტომბერში ჩერქეზთა კავშირის პრეზიდენტმა რუსლან კეშევმა.

მისი აზრით, აფხაზთა და ჩერქეზთა შორის „ძმობის ეიფორია” წარსულს ჩაბარდა. „აფხაზეთი, საქართველო და ჩერქეზეთი ისტორიულად ერთიანი დასავლეთკავკასიური ცივილიზაციაა, უძველესი ისტორიითა და მდიდარი კულტურით”,მას „კარგი ისტორიული და პოლიტიკური პერსპექტივები აქვს”, – მიიჩნევს კეშევი.

 

კომენტარები