ისრაელი-ირანი

ხვალ იყო ომი

თქვენ გვერდზე გადექით, ჩვენ გვაცალეთ”, – ასე უთხრა ისრაელის წარმომადგენელმა შეშფოთებულ შეერთებულ შტატებს, ირანზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, – ვკითხულობთ Washington Post-ის წერილში, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნდა და ობამას ახალი თავსატეხის შესახებ გვამცნო.  

როგორც ირკვევა, ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა აპრილში, მაისში ან ივნისში, ისრაელის მიერ ირანზე დარტყმას ვარაუდობს – ბინიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა შიშობს, რომ თუ უახლოეს მომავალში არ ჩაერია, ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევა გარდაუვალი გახდება. ისლამური რესპუბლიკის მიერ ურანის გამდიდრების პროცესი ისეთ ფაზაში შევა, რომ შეერთებული შტატების გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვეღარ შეაჩერებს. ისრაელს კი არ სურს, საკუთარი ბედი ობამას ადმინისტრაციას მიანდოს.  

ომის საფრთხემ საქართველოს მოსახლეობაც ააღელვა. ეს კანონზომიერია, თბილისიდან ირანის საზღვრამდე არცთუ შორია – სულ რაღაც 700 კილომეტრი.

ამ ფონზე, ობამა-სააკაშვილის შეხვედრამ კონსპიროლოგებს დამატებითი სტიმული მისცა, ქართველი ერის საზარბაზნე ხორცად ქცევაზე ნაირ-ნაირი შეთქმულების თეორია აეგო. მგზნებარე მამულიშვილებმა ფარდა ახადეს ხელისუფლების მზაკვრულ გეგმას და გამოააშკარავეს ახალი, კომფორტული საავადმყოფოების რეალური დანიშნულება. მალე, ალბათ კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციის ჭეშმარიტ მიზანსაც შევიტყობთ – აქ მფრინავი სპილოების ესკადრილია განლაგდება. 

მაგრამ სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები გარკვეული დოზით ჩვენც შეგვეხება – არ უნდა გამოვრიცხოთ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეებისა და ობიექტების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების საფრთხე. ამის დასტურად აზერბაიჯანში ირანის სპეცსამსახურების მიერ რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის ფაქტიც გამოდგება.

ზოგიერთი დამატებით პრობლემად მიიჩნევს ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმს, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. მაგრამ, რეალურად, სავიზო რეჟიმის გამკაცრება შესაძლო საფრთხეს ვერ გაანეიტრალებს. ვიზა მხოლოდ მიგრაციის კონტროლს ემსახურება და პოტენციური ტერორისტებისგან ვერ  დაგვიცავს – ამისთვის სპეციალური სამსახურები არსებობს. 

შესაძლოა, უფრო შორს მიმავალი შედეგიც დადგეს. ირანს შეუძლია, მასზე თავდასხმის პასუხად, ჰორმუზის სრუტეზე გამავალი სავაჭრო გზის პარალიზება სცადოს, რომლის მეშვეობითაც ახლოაღმოსავლური ნავთობი დანარჩენ სამყაროს მიეწოდება. არ უნდა გამოირიცხოს დივერსიები მეზობელი ქვეყნების ნავთობის საბადოებზე. ეს ნავთობის ფასს მკვეთრად გაზრდის, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება – იხეირებენ ისეთი ავტორიტარული ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ვენესუელა. ვარაუდობენ იმასაც, რომ ირანზე შეტევა მუსლიმური სამყაროს რადიკალიზებას გამოიწვევს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შიიტურ ირანსა და მის სუნიტურ მეზობლებს შორის ისტორიული ანტაგონიზმიდან გამომდინარე, ამ რადიკალიზებას შეზღუდული ეფექტი ექნება – მართალია, სახალხო მასები მხარდაჭერას გამოუცხადებენ, მაგრამ სუნიტი მმართველები ნიანგის ცრემლებით შემოიფარგლებიან.  

დღეს, შეერთებული შტატების ხელისუფლება ირანთან სამხედრო დაპირისპირების კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა აშკარაა, რომ თუ ისრაელმა დაარტყა და ირანმა უპასუხა, წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება “გვერდზე გადგომა” – მართალია, ებრაელთა ხვედრითი წილი ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 2%-ია, მაგრამ მერყევ შტატებში მათ ხმებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ რესპუბლიკელები ირანის თემას აქტიურად იყენებენ თავიანთ კამპანიაში. ებრაელი ამომრჩევლის მხარდაჭერის გარდა, ობამას ხელმეორედ არჩევის შანსებზე დიდ გავლენას მოახდენს ის, თუ როგორ აისახება ნავთობმომპოვებელ რეგიონში სამხედრო კონფლიქტი ამერიკის ეკონომიკაზე. შესაბამისად, თეთრი სახლის ამჟამინდელი რეზიდენტი რთული ამოცანის წინაშე დგას – თუ საომარი მოქმედებების თავიდან აცილება სურს, მან  ისრაელს სამხედრო იერიში როგორმე უნდა გადააფიქრებინოს. 

კომენტატორები ვარაუდობენ, რომ ლეონ პანეტას მიერ, მოკავშირე ისრაელის გეგმების გამჟღავნება სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ამერიკის ხელისუფლება ისრაელისგან დისტანცირებას ახდენს და, ამავდროულად, აფრთხილებს მას, რომ თუ განზრახვაზე ხელს არ აიღებს, მის გეგმებს საჯაროს გახდიან. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მოსვლოდა თავში აზრად შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს მოკავშირე სახელმწიფოს შესაძლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თანაც დროის მითითებით? არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ბლეფია ირანის შესაშინებლად, თუმცა ეს ვარაუდი, ირანის პოლიტიკის გათვალისწინებით, დამაჯერებლად არ გამოიყურება. 

Washington Post-ის მიხედვით, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა ცდილობს დაარწმუნოს ისრაელის ხელისუფლება, რომ ჯერ კიდევ არ ამოწურულა მშვიდობიანი რესურსი პრობლემის გადასაჭრელად და ირანს სანქციებს უმკაცრებს. თუმცა ამ მიდგომის სუსტი მხარე ის არის, რომ ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა და მოსახლეობა ზარალდება, მაშინ როდესაც თავად ბირთვული პროგრამის განხორციელება არ ფერხდება.  

ისრაელში ომის პერსპექტივას არ უარყოფენ. ისინიც კი, ვინც ადრე ირანთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას არ ემხრობოდა, დღეს ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს – “არ ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც მომენტი დადგება, ჩვენ მარტო არ აღმოვჩნდებით. სწორედ ამიტომ, ისრაელმა თავის თავს უნდა მიხედოს”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილმა სარდალმა გაბი აშკენაზიმ, რომელიც მანამდე ირანზე შეტევის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა.  

ისრაელი თვლის, რომ ცაიტნოტშია. საქმე ისაა, რომ ირანი ურანს სხვადასხვა ადგილას ამდიდრებს, ხოლო შემდეგ ქომის პროვინციაში, მთის ქვეშ განთავსებულ ბუნკერში ინახავს. ისრაელს, ამერიკისგან განსხვავებით, არ აქვს ისეთი ჭურვები, რომლებიც ბუნკერში ჩააღწევს – ითხოვს და არ აძლევენ. ამიტომ იმ ადგილების დაბომბვას გეგმავს, სადაც გამდიდრება ხდება – სხვა შემთხვევაში, ირანი საკმარის ურანს დააგროვებს ქომის ბუნკერში, იარაღის დასამზადებლად და შემდეგ უკვე, ისრაელი ვერაფერს დააკლებს.  

Washington Post-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისრაელი მოკლევადიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს. ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ ისრაელს, მხოლოდ საკუთარი ძალებით, ირანის ბირთვული პროგრამის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საშუალება არ გააჩნია და მხოლოდ დროს მოიგებს. ირანი რამდენიმე წელიწადში ზიანის აღმოფხვრას მოახერხებს და ატომური იარაღის შექმნას განაგრძობს. ისრაელს ეჭვი ეპარება, რომ ისლამური რესპუბლიკა ფართომასშტაბიან შურისძიებას შეძლებს. ვარაუდობენ, რომ ირანი პასუხად ჰეზბოლას, ჰამასს და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს წააქეზებს. ნეთანიაჰუს მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფებს საკმარისი შეიარაღება აქვთ იმისთვის, რომ  ებრაული სახელმწიფოს მსხვერპლმა ხუთასს მიაღწიოს. 

ისრაელის მოქმედებების განსასჯელად, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ  ბირთვული ირანი ებრაელი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ირანის რეჟიმი თავის წმინდა მოვალეობად მიიჩნევს სიონისტთა განადგურებას და ამის შესახებ დაუფარავად საუბრობს. “სიონისტური რეჟიმი კიბოა, რომელიც უნდა მოიკვეთოს და მოიკვეთება კიდეც”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ აიათოლა ხამენეიმ. ეგზისტენციალური საფრთხის შედეგები ებრაელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ჰოლოკოსტის შედეგად. როგორც ამერიკელი კომენტატორი, ჩარლზ კრაუტჰამერი აღნიშნავს: “ებრაელებს მსგავსი მუქარა ესმოდათ 60, 80 წლის წინათაც, მაგრამ მაშინ, მსოფლიომ ეს არ დაიჯერა. ამჯერად, ისინი აღარ გარისკავენ… ირანზე შეტევაც უზარმაზარი რისკია. მაგრამ, ამის ასახსნელად საჭიროა ებრაელთა მენტალიტეტი გავიაზროთ. 1967 წლის მაისში ისრაელი მტრებით იყო გარშემორტყმული და სრულიად მარტომ გადაწყვიტა შეეტია ეგვიპტის საჰაერო ძალებისთვის… შეტევა წარმატებული აღმოჩნდა, ისრაელმა [ექვსდღიანი] ომი მოიგო…”  

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო შეშფოთებულია, ებრაულ სახელმწიფოში პანიკის ნიშანწყალი არ იგრძნობა. ისრაელის მთავრობა ცივი გონებით ანგარიშობს რა იქნება უკეთესი მათი სახელმწიფო ინტერესებისთვის. 

“ომი ბოროტებაა, – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ნიალ ფერგუსონი, – მაგრამ პრევენციული ომი შესაძლოა ნაკლები ბოროტება აღმოჩნდეს, ვიდრე დაშოშმინების პოლიტიკა… ბირთვული ირანი ყველას ძვირი დაგვიჯდება”. 

კომენტარები