ოკუპირებული ტერიტორიები

ანქვაბი – თავდასხმის სამიზნე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი თავდასხმას გადაურჩა – 22 თებერვალს გუდაუთა-სოხუმის გზაზე მისი კორტეჟი ჯერ ნაღმზე ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს.

შედეგად ალექსანდრ ანქვაბის ერთი მცველი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელები მიიმალნენ. მომდევნო დღეების განმავლობაში, „ცხელ კვალზე” მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

ანქვაბს თავდასხმის გამოძებაში დახმარება რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შესთავაზა. ამ უკანასკნელმა აფხაზეთში ФСБ-ს საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.

გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა თავდასხმის დამკვეთებისა და მოტივების შესახებ. თუმცა, მიიჩნია, რომ ოპერაცია ალექსანდრ ანქვაბის ლიკვიდაციის მიზნით, მაღალ პროფესიულ დონეზე იყო დაგეგმილი.

ეს ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა – მის მოკვლას 2005 წელს, ორჯერ 2007 და ერთხელაც – 2011 წელს შეეცადნენ. არცერთი თავდასხმა არ გახსნილა. მოსისხლე მტრების შესაძლო ვინაობაზე ანქვაბსაც არაფერი უთქვამს.

„ქართული კვალის” არსებობა ბოლო თავდასხმაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოხელეებმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა უარყვეს. ყველაზე რეალურ ვერსიად სოხუმში „შიდა გარჩევებს” განიხილავენ.

თავად ალექსანდრ ანქვაბმა ფაქტს „აფხაზეთის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმა” და მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა. მისი მინიშნებით, თავდასხმის უკან „მაფიოზური კრიმინალური დაჯგუფებები” დგანან.

ანქვაბი სოხუმის რეჟიმის სათავეში გასული წლის აგვისტოში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოხვდა. ის სერგეი ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. ანქვაბის მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი „წესრიგის დამყარება” იყო.

2008 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა რეგიონს უხვი დოტაციები გამოუყო. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიუჯეტის 70 პროცენტი, ამჟამად სწორედ რუსული დოტაციებით ივსება. რუსული თანხებით ფინანსდება სხვადახვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ეს აფხაზეთში მასშტაბური კორუფციის წყარო გახდა.

ანქვაბმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სოხუმში კორუფციასთან ფართო ბრძოლის დასაწყისად აღიქვეს. კერძოდ, შეაჩერა ე.წ. საიმიგრაციო სამსახურის საქმიანობა. ასევე შეწყვიტა გაგრის რაიონში წყალკანალის რეაბილიტაცია, რომელზეც რუსეთმა 27 მილიონი დოლარი გამოყო. ამ საქმესთან დაკავშირებთ ანქვაბმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გაგრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომპანიის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი გარდაცვლილ სერგეი ბაღაფშთან იყო დაახლოებული და თავის დროზე, სრული ხელშეუხებლობით სარგებლობდა. ანქვაბმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური პროკურორის ორი მოადგილე. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე კი საჯაროდ დაემუქრა შსს-ს ხელმძღვანელობას.

შესაბამისად, აფხაზეთის შიგნით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს მტერი ბევრი უნდა ჰყოლოდა.

თავდასხმის შემდეგ, თავის პირველ ინტერვიუში, ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ „არიან ძალები, რომლებსაც მართვადი, დამოკიდებული პრეზიდენტი და უნებისყოფო ხელისუფლება სურთ”. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვის უნდა სოხუმის ხელისუფლების „მართვა”. თუმცა, ამგვარ მცდელობებს წარსულში ადგილი რუსეთის მხრიდან ჰქონდა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლი ჯიუტად ცდილობდა წაგებული კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას მხარდაჭერას. თუმცა, საბოლოოდ, პრობლემა გამარჯვებულ სერგეი ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის ძალაუფლების განაწილებით დარეგულირდა.

გასულ წელს კრემლი არჩევნებში ღიად არ ჩარეულა და საკუთარი ფავორიტი არ დაუსახელებია. თუმცა, ანქვაბის კონკურენტებს – სერგეი შამბასა და რაულ ხაჯიმბას, მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდათ, ვიდრე ანქვაბს.

გაზეთი The New York Times-ი ანქვაბზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს წინააღმდეგობებზე სოხუმსა და მოსკოვს შორის და პარალელებს ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან ავლებს. „2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა... ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თუმცა, სტრატეგიულ დივიდენდებთან ერთად, თავისტკივილიც მიიღო. რუსული კომპანიების მცდელობა, დაეპყროთ აფხაზეთის პოტენციურად ყველაზე სარფიანი ტურისტული მეურნეობა, დაიბლოკა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ორივე ანკლავის ამომრჩევლებმა კრემლის აშკარა ფავორიტების მხარდაჭერაზე უარი თქვეს”, – წერს გამოცემა.

ცხინვალის ნოემბრის „არჩევნების” შემდგომი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რუს და ადგილობრივ მოხელეთა კორუფციული ინტერესი გახდა – ცხინვალში ისეთი ხელისუფლება უნდა მოსულიყო, რომელიც რუსული დოტაციების დატაცების კორუფციულ სქემებს ძალაში დატოვებდა.

კოკოითის რეჟიმმა პრობლემა მარტივად გადაწყვიტა – არჩევნების შედეგები გააუქმა და „პრეზიდენტობის” გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევას წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მოსკოვმა კი ამას სრულად დაუჭირა მხარი.

იგივე ამოცანა დადგა აფხაზეთშიც – ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კორუფციულ გარიგებებში ჩართულ პირებს გარანტიები ახალი რეჟიმისგან უნდა მიეღოთ.

გარდა რუსული საბიუჯეტო დოტაციებისა, ინტერესის ობიექტს აფხაზეთში რუსი მოხელეებისთვის და რუსული კაპიტალისთვის უძრავი ქონება წარმოადგენს. მისი გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებზე” არის დაშვებული – საკურორტო ინფრასტრუქტურა, ასევე მიწები და აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილიც სოფელ აიბგას გარშემო, რომლის გადაცემას მოსკოვი საზღვრის „დემარკაციისა და დელიმიტაციის” ფარგლებში ითხოვს.

სერგეი ბაღაფში რუსეთის მოთხოვნებს ამა თუ იმ ობიექტის გადაცემასა და უძრავი ქონების გასხვისების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობას არ უწევდა. თუმცა, შეძლებისდაგვარად დროს წელავდა. დღეს იმავე მოთხოვნებზე რეაგირება ალექსანდრ ანქვაბს უწევს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა აფხაზეთის შიგნით თუ მის გარეთ არსებულ დაჯგუფებებს უკმაყოფილების საბაბი მისცა. როგორც სოხუმში ვარაუდობენ, ანქვაბს აფხაზური ელიტის ნაწილი აუმხედრდა. ისინი წინა რეჟიმის დროს პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. ამ ჯგუფს რუსეთში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს.

ანქვაბი ჩაკეტილ და არასაჯარო ფიგურად რჩება. ის არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს საკუთარი გადაწყვეტილებების მოტივები და მოწინააღმდეგეებთან ჩუმ, უხმაურო ბრძოლას ამჯობინებს.

თავდასხმის შემდეგ იგი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ანქვაბს ხელის დადება არავისზე შეუძლია. ამავე დროს, მან ან მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინოს, ან მოწინააღმდეგის პირობები შეასრულოს.

2008 წლის შემდეგ, პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უსაფრთხოებაზე რუსეთმა იკისრა. ცნობილი რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას აზრით, ანქვაბზე თავდასხმის შედეგად „აფხაზებისთვის დამამცირებელი სიტუაცია შეიქმნა”. „რეგიონში, რომელიც რუსეთისთვის სავიზიტო ბარათი და პოლიგონი უნდა გამხდარიყო... ჩვენ (რუსეთმა) სახელმწიფოს ყველა ფუნქცია ავიღეთ. მაგრამ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუნდაც ის, რომ პრეზიდენტს თავს არ ესხმოდნენ”, – განაცხადა ლატინინამ Эхо Москвы-ს ეთერში.

კომენტარები