გამოგონება

AIRE: სასუნთქი ნიღაბი მობილურების დასატენად

0 კომენტარი

'ენერგია არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება. ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს', − გვასწავლის ენერგიის მუდმივობის კანონი, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს. მას შემდეგ დედაბუნების ამ ფუნდამენტურმა კანონმა დიდი სამსახური გაუწია კაცობრიობას. რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიელმა ჟოაო ლამოლიამ ენერგიის შენახვის თვალსაჩინო ილუსტრაცია მოახდინა და პრესტიჟული პრემიის, Reddot-ის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა. ეს უკანასკნელი, მახვილგონივრული გამოგონებისათვის დიზაინერებს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროში ენიჭებათ.

ბრაზილიელი დიზაინერი ერთ მარტივ შეკითხვას ჩაუღრმავდა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჰაერის ნაკადის ენერგია, რომელსაც ადამიანი სუნთქვის დროს გამოყოფს? სუნთქვა ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციაა. მისი საშუალებით სისხლისა და ჰაერის ცირკულაცია ხდება ორგანიზმში. თუმცა, გარდა ამისა, როგორ შეიძლება ეს პროცესი სასარგებლოდ ვაქციოთ და მოვიხმაროთ ენერგია, რომელიც ამ დროს გამოიყოფა? ამაზე ფიქრით გართულმა ჟოაო ლამოლიამ სახის ნიღაბი შექმნა, რომელსაც AIRE უწოდა. ჟოაო თვლის, რომ ის ძალიან ბევრ ადამიანს გაუწევს დახმარებას კრიტიკულ სიტუაციაში.

AIRE მსუბუქი, კომფორტული სახის ნიღაბია და იმდენად მსუბუქია, რომ მისი თან ტარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მას ერთადერთი ფუნქცია აქვს: სუნთქვისას წარმოქმნილი ჰაერის ნაკადის ენერგია გარდაქმნას ელექტროენერგიად, რომლითაც მობილური ტელეფონის, ელექტროსაპარსის ან რაიმე სხვა პორტატიული ელექტრომოწყობილობის დატენაა შესაძლებელი. AIRE აღჭურვილია ქარის პატარა ტურბინით და მისი მოქმედების მექანიზმი არაფრით განსხვავდება ქარის გენერატორისგან. ის ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას გამოყოფილი ჰაერის ნაკადის კინეტიკურ ენერგიას ტურბინის ტრიალის მეშვეობით ელექტროენერგიად გარდაქმნის და კაბელის მეშვეობით მიერთებულ მოწყობილობას ტენის.

ბრაზილიელი დიზაინერი AIRE-ს გამოყენების ფართო შესაძლებლობებს ხედავს. მაგალითად, გზაში, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში ხართ, მობილური გიჯდებათ და არ იცით რა ქნათ. ლაშქრობაში ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ადამიანები ამ გამოგონების წყალობით შეძლებენ GPS ნავიგატორების, iPod-ებისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების დატენას. ჟოაო ლამოლიამ განაცხადა, რომ „ჩვენი დროის კონსიუმერისტულმა ტენდენციებმა, ადამიანები გაჯეტებზე დამოკიდებული გახადა და, ამიტომ, საჭიროება იმისა, რომ ისინი მუდმივად დატენილი იყოს, სულ დღის წესრიგში დგას. შესაბამისად, განახლებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძებნა ჩვენს უშუალო მოვალეობას წარმოადგენს”.

ჯერჯერობით ეს გამოგონება მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, კონცეფციის დონეზე არსებობს. თუმცა მისი წარმოებით უკვე დაინტერესდა რამდენიმე დიდი კომპანია. ჯერჯერობით უცნობია დაახლოებით რა ეღირება AIRE და რამდენი ხანია საჭირო, ვთქვათ, მისი მეშვეობით iPhone-ის სრულად დასატენად. ეს ყველაფერი ფასისა და ხარისხის კალიბრაციის დროს დადგინდება, რაც თავისი არსით მეორეხარისხოვანია. მთავარი ამ გამოგონებაში ის არის, რასაც Reddot-ის პრემიის ორგანიზატორებიც ეთანხმებიან – ადამიანის გამჭრიახობისა და გამოგონების უნარს საზღვრები არ გააჩნია და ყველაზე მოულოდნელ დროსა და ადგილას შეუძლია ჩვენი გაოცება.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები