ფეხბურთი

სამეფო კლუბის იუბილე და 11 ფავორიტი

Gabriel Bouys / Getty Images

მარტს მადრიდის რეალმა 110 წლის იუბილე იზეიმა.

საუკუნესა და ათ წელიწადში გუნდმა, რომელიც ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო კლუბად დაასახელა, 59 ესპანური და 15 საერთაშორისო ტიტული მოიგო.

გაცილებით მეტია სამეფო კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელთა ინდივიდუალური ჯილდოების ჩამონათვალი – განვლილი წლების განმავლობაში მადრიდელთა ქათქათა მაისური უამრავმა გენიოსმა მოირგო და არა მარტო სანტიაგო ბერნაბეუზე, ზოგადად, ფეხბურთში დატოვა წარუშლელი კვალი.

დღეს რეალი ჩემპიონატს ლიდერობს – ჟოზე მოურინიოს ბიჭები სახელოვანი ისტორიის ახალ თავს წერენ.

იუბილესთან დაკავშირებით, მადრიდული გაზეთის, მარკას რედაქციამ, გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ, რეალის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა: იკერ კასილიასი; სერხიო რამოსი, ფერნანდო იერო, რობერტო კარლოსი; ზინედინ ზიდანი, ფერნანდო რედონდო, მიჩელი, ალფრედო დი სტეფანო; ფერენც პუშკაში, რაული, კრიშტიანუ რონალდუ.

რეალის ტაბულასეული ყველა დროის ნაკრები ასეთია:

მეკარე: იკერ კასილიასი

1998 წელს პირველად ითამაშა რეალში – ტრავმირებული ბოდო ილგნერი შეცვალა და მას შემდეგ პირველი მეკარის სტატუსი აღარც დაუკარგავს. ახლახან, 22 იანვარს, ბილბაოს ატლეტიკთან 4:1 მოგებულ მატჩში საიუბილეო, მე-600 მატჩი ჩაატარა. კლუბის და ნაკრების კაპიტანია, თამაშს კიდევ დიდხანს აპირებს და, სავარაუდოდ, რეალის რეკორდსმენიც გახდება ოფიციალური თამაშების მხრივ. ის ერთადერთია, ვინც ოთხჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ!

მცველი: ხოსე ემილიო სანტამარია

რეალის მემატიანენი ურუგვაელ-ესპანელ სანტამარიას ახლო წარსულის ყველა ძლიერ მცველს ამჯობინებენ. ის 1957-1966 წლებში თამაშობდა რეალში და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად ითვლება. სანამ მადრიდში გადაბარგდებოდა, მონტევიდეოს ნასიონალთან ერთად ხუთჯერ მოიგო ურუგვაის ჩემპიონატი, პირენეებზე კი 11 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ოთხი ჩემპიონთა და ერთი საკონტინენტთაშორისო თასი.

მცველი: ფერნანდო იერო

ის მცველი გახლდათ, საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობდა და მიუხედავად ამისა, კარგა ხანს ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო 29 გოლით. რეალში 1989-2003 წლებში ასპარეზობდა და ჩემპიონთა ლიგაზე სამ ტრიუმფში ლომის წილი დაიდო. ლა ლიგაში 439 მატჩის და 102 გოლის შემდეგ რეალმა ის საჩემპიონო 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკესთან ერთად უცერემონიოდ დაითხოვა, თუმცა ამით იეროს ბრწყინვალებას არაფერი დააკლდა.

მცველი: ხოსე ანტონიო კამაჩო

დღეს ის ჩინეთის ნაკრების მწვრთნელია და, ალბათ, კიდევ ბევრ გუნდს გამოიცვლის, თუმცა გულშემატკივრებისთვის ხოსე ანტონიო კამაჩო ყოველთვის რეალის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად დარჩება: 15 წელიწადი სამეფო კლუბში და პრიმერადივიზიონის ჩემპიონის 9 ტიტული! 70-იანი წლების მეორე ნახევარში და 80-იან წლებში კამაჩო რეალის და ნაკრების დაცვის ბურჯი იყო: ჩემპიონატების გარდა, კიდევ 10 საკლუბო ტიტული მოიგო.

მცველი: რობერტო კარლოსი

ყველა ტიტული სანაკრებო და საკლუბო დონეზე... 125 მატჩი სელესაოში და 584 მადრიდის რეალში... დღეს ის 38 წლისაა და კვლავ ფეხბურთშია – მახაჩყალის ანჟის მოთამაშე მწვრთნელია. სანტიაგო ბერნაბეუზე რობერტო კარლოსი ყოველთვის რჩეულთა შორის იქნება – მისი ულამაზესი და საოცარი გოლები ინჩადას არასდროს დაავიწყდება.

ნახევარმცველი: ფრანსისკო ხენტო

სენიორ რეალი. ის სანტიაგო ბერნაბეუზე ოქროს წლებში – 1953-1971 – თამაშობდა და უამრავი რეკორდი დაამყარა. ჩვენ მხოლოდ ორს დავასახელებთ: ესპანეთის ჩემპიონის 12 ტიტულს და ჩემპიონთა 6 თასს! 606 ოფიციალურ შეხვედრაში შეგდებული 178 ბურთი არაა საკლუბო რეკორდი, მაგრამ უკეთესი მაჩვენებლებით რეალში თითო-ოროლა თუ დაიკვეხნის.

ნახევარმცველი: ალფრედო დი სტეფანო

2004 წელს, უეფას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დი სტეფანო 1954-2004 წლების ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა კი XX საუკუნის უძლიერესთა შორის რეალის სიმბოლოს მეოთხე ადგილი მიუჩინა პელეს, დიეგო მარადონას და იოჰან კრუიფის შემდეგ. დღეს ალფრედო დი სტეფანო მადრიდული კლუბის საპატიო პრეზიდენტი და ცოცხალი სიმბოლოა.

ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი

მადრიდში 2001 წლის ზაფხულში გადავიდა სარეკორდო თანხად, 56,4 მილიონ ევროდ. რეალში ხუთი სეზონი ითამაშა და სამუდამოდ შევიდა კლუბის ისტორიაში. გენიალური ფრანგი, თავისი თაობის საუკეთესო მოთამაშე, დღეს რეალის საფეხბურთო დირექტორია, მისი უფროსი ვაჟი, ენცო კი ბავშვთა გუნდში თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის 2002 წლის ფინალში გატანილ მის უზადო გოლზე რაიმეს თქმა საჭიროდ არ ჩავთვალეთ – შედევრებს არ ივიწყებენ.

თავდამსხმელი: ფერენც პუშკაში

გენიალური უნგრელის დებიუტი რეალში 31 წლის ასაკში, 1958 წელს შედგა. სამეფო კლუბს 1966 წელს, 39 წლისა გამოეთხოვა, მადრიდში გატარებულ რვა სეზონში კი 262 მატჩში 242 გოლი შეაგდო! 1960 წელს რეალმა ჩემპიონთა თასის ფინალში 7:3 მოუგო აინტრახტს. პუშკაშმა 4 გოლი გაიტანა. ის ერთადერთია, ვინც გადამწყვეტ მატჩში შეასრულა პოკერი! ის ასევე ერთადერთია, რომელმაც ორ ფინალში გაიტანა სამი და მეტი გოლი: 1962 წელს ბენფიკას შეუსრულა ჰეთ-თრიქი.

თავდამსხმელი: რაული

ყველაზე მეტი მატჩი და გოლი რეალში... კლუბის რეკორდსმენი ლა ლიგაში ჩატარებული მატჩებით და გოლებით... ჩემპიონთა თასის და ევროტურნირების საუკეთესო ბომბარდირი... რაული, ეს რეალია! შესანიშნავმა გოლეადორმა მშობლიური კლუბი 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ დატოვა – დღეს ის შალკეშია. ბევრი თვლის, რომ პორტუგალიელმა ნაჩქარევად გაუშვა რაული... ის ჯენტლმენიცაა – 19 წელია ფეხბურთშია და წითელი ბარათი არასდროს მიუღია!

თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ

რეალის მესვეურებმა შესანიშნავად იცოდნენ, რატომ უხდიდნენ მანჩესტერ იუნაიტედს 80 მილიონ გირვანქას: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიელი 2010 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდში და მას შემდეგ საუკეთესოა. შარშან სამეფო კლუბმა მისი ერთადერთი გოლით დაამარცხა ბარსელონა და ქვეყნის თასი მოიგო. წელს რეალი ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევს – რონალდო კვლავ მთავარი ფიგურაა. რომ არა ლეო მესი, მისი ტიტულების ჩამონათვალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა.

 

 

კომენტარები