ოკუპირებული ტერიტორიები

კონტროლირებადი არჩევანი

მარტს ორივე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარდა. აფხაზეთში, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ადგილობრივი პარლამენტის ფორმირება დასრულდა. ცხინვალში კი ხელახალმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ორივე რეგიონში საკუთარი სპეცწარმომადგენლები დანიშნა.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა – „სამხრეთ ოსეთის ელჩი” რუსეთში დმიტრი მედოევი, „უშიშროების კომიტეტის” ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი, ომბუდსმენი დავით სანაკოევი და პარლამენტის სპიკერი, კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი.

პირველ ადგილზე ლეონიდ თიბილოვი გავიდა, რომელმაც ხმათა 42 პროცენტზე მეტი მიიღო. მეორეზე – დავით სანაკოევი, რომელმაც 24 პროცენტზე მეტი მოაგროვა და უმნიშვნელოდ გაუსწრო დმიტრი მედოევს. მეორე ტური ცხინვალში 8 აპრილისათვის დაინიშნა.

ეს არჩევნები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის უკვე მეორე მცდელობაა. გასული წლის ნოემბერში ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. მაგრამ, ადგილობრივმა „უზენაესმა სასამართლომ” არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. ედუარდ კოკოითის რეჟიმი, მოსკოვის მხარდაჭერით, ჯიოევას ჩამოშორებას შეეცადა. ეს საგა, საბოლოოდ, მისი დაკავებით და საავადმყოფოში მოთავსებით დასრულდა.

ალა ჯიოევა საავადმყოფოდან, სადაც იგი დაცვის ქვეშ და სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა, მხოლოდ არჩევნების წინა დღეს გამოუშვეს. როგორც ყოფილმა კანდიდატმა განაცხადა, ახლანდელი არჩევნები ცხინვალის რეგიონში „კრემლის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს”. მისი თქმით, ადგილობრივმა რეჟიმმა, მოსკოვის მხარდაჭერით, კანდიდატთა „სელექციური შერჩევა” ჩაატარა და „ხალხი უკვე აღარაფერს წყვეტს”.

თავის მხრივ, თბილისმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს ფარსი უწოდა. საგარეო უწყების განცხადებით, „ე.წ. არჩევნებს მნიშვნელობა არ ექნება, სანამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება დევნილ მოსახლეობას არ მიეცემა”. იმის შესახებ, რომ რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა გააკეთეს.

კრემლის ფავორიტად ხელახალ არჩევნებში დმიტრი მედოევს ასახელებდნენ. ლეონიდ თიბილოვმა ისიც განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსი ცხინვალში სწორედ მედოევის სასარგებლოდ მუშაობდა. ამავე დროს, თიბილოვის მხარეს აღმოჩნდა ჯიოევას მომხრე აქტივისტების ნაწილი, ასევე ბიზნესმენები, რომლებიც ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა, არც თიბილოვი, არც სხვა კანდიდატები ღიად არ გამოსულან „პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ” ვადიმ ბროვცევისა და წინა არჩევნებში კრემლის ჩარევის წინააღმდეგ. ალა ჯიოევას წინააღმდეგ ძალადობა მათ საჯაროდ არ დაუგმიათ.

ლეონიდ თიბილოვი 1992 წლის შემდეგ რამდენიმე წელი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროებას ხელმძღვანელობდა. თიბილოვს რეგიონში ძალოვანი უწყებებიდან მოსულ კადრად მიიჩნევენ. მას „მკაცრი ხელისა” და წესრიგის დამყარების მოლოდინებს უკავშირებენ.

თიბილოვის მეტოქე – 35 წლის დავით სანაკოევი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში „პრეზიდენტის” რწმუნებულად მუშაობდა. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში 2004 და 2008 წლებში. ქართულ მხარესთან, ცხედრების გადმოსვენებასა და ტყვეთა და პატიმართა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სანაკოევი ჟენევის დისკუსიებში, რუსული დელეგაციის შემადგენლობაში იყო.

სანაკოევი წინა რეჟიმს აკრიტიკებს. თუმცა, მას საყვედურობენ, რომ ომბუდსმენად ყოფნის დროს ნოემბერში დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისში არ ჩარეულა და ხელისუფლების მოქმედებები საჯაროდ არ დაუგმია.

თიბილოვიც და სანაკოევიც რუსეთთან მეტად დაახლოებისა და ინტეგრაციის მომხრეები არიან. ის, რომ კრემლის ფავორიტად დასახელებული მედოევი მეორე ტურში ვერ მოხვდა, როგორც ჩანს, მოსკოვისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არჩევნებზე დაშვებული ყველა კანდიდატი მოსკოვის ინტერესებს პასუხობს. უმთავრესი ინტერესი კი მოსკოველ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოქმედი კორუფციული სქემების ხელშეუხებლობაა, რომლებიც რეგიონის აღდგენაზე გამოყოფილ თანხებს უკავშირდება.

რაც შეეხება აფხაზეთს, რეგიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 35-დან 20 ოლქში ჩატარდა. აფხაზეთში სახალხო კრების არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული წესით ტარდება. საბოლოო შედეგებმა დაადასტურა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი ძირითადად უპარტიო იქნება. სახელისუფლებო პარტია ედინაია აბხაზიამ მხოლოდ სამი დეპუტატის გაყვანა შეძლო, ოპოზიციურმა სახალხო ერთობის ფორუმმა – ოთხის. სხვა ოპოზიციურმა ძალებმა – ეკონომიკური განვითარების პარტიამ და კომუნისტებმა, ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვეს. პარლამენტში ვერ მოხვდა ყოფილი სპიკერი ნუგზარ აშუბა. ამ პოსტის დაკავება ფორუმის ლიდერს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სურს. თუმცა, ჯერ უცნობია, მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობის მოპოვებას უპარტიო პარლამენტში რამდენად მოახერხებს.

არჩევნებს აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც მათი „დამოუკიდებლობისა” და არჩევანის თავისუფლებისთვის უნდა გაესვა ხაზი. თუმცა, აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად ნაციონალისტური შეხედულებებით ცნობილი კრასნოდარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი, სამხრეთ ოსეთში კი – ჩრდილიეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი დაინიშნენ. ამის შემდეგ ორი არაღიარებული რეგიონის „დამოუკიდებლობის” ფიქტიური სტატუსი კიდევ უფრო ნათელი გახდა.

კომენტარები