გერმანიის ბუნდესლიგა

ლევან კობიაშვილის რეკორდი

საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა ლევან კობიაშვილმა გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ბუნდესლიგის რეკორდი გაიმეორა: ჰოფენჰაიმთან 3:1 მოგებული მატჩი მისთვის 336-ე შეხვედრა გამოდგა გერმანული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში და ამ შედეგით ლეგიონერთა შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა ზე რობერტოს მხარდამხარ.

ბრაზილიელი ნახევარმცველი წლების მანძილზე იცავდა ჰამბურგის, მიუნხენის ბაიერნის და ლევერკუზენის ბაიერის ღირსებას. 336 მატჩი სწორედ ამ სამი კლუბის მაისურით ჩაატარა.

ჰოფენჰაიმთან გამარჯვებით კობიაშვილის კლუბმა ბუნდესლიგიდან პირდაპირ გავარდნა თავიდან აიცილა: ახლა მის გუნდს - ბერლინის ჰერტას ფლეიოფში თამაში მოუწევს და გამარჯვების შემთხვევაში კვლავ საუკეთესოთა შორის დარჩება.

ლევან კობიაშვილი, რომელმაც შემოდგომით მეასედ ითამაშა ნაკრებში, 1998 წლიდან ასპარეზობს ბუნდესლიგაში: თავდაპირველად ფრაიბურგის ღირსებას იცავდა, შემდეგ გელზენკირხენის შალკე 04-ში გადავიდა, 2010 წლის 1 იანვრიდან კი ბერლინის ჰერტას ნახევარმცველია.

ქართველი ფეხბურთელის უახლოესი მდევარი პერუელი ფორვარდი კლაუდიო პიზაროა, რომლის აქტივშიც ბრემენის ვერდერსა და მიუნხენის ბაიერნში ჩატარებული 333 მატჩია. ლეგიონერთა შორის 330 შეხვედრით მესამე ადგილზეხ ბოსნიელი სერგეი ბარბარესი.

კომენტარები