ღვინო

მარნების უბანი სოფელ ქორეთში

0 კომენტარი

საჩხერის თავზე, სოფელ ქორეთში, შეიძლება ითქვას, ქართული ღვინის ნამდვილი ეთნოგრაფიული მუზეუმია. მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ეს გახლავთ მარნების უბანი, სადაც შარვაძეების საგვარეულო ჭურებია ჩარგული და სადაც დღესაც დიდი რაოდენობით ღვინო დგება. ამ მარნების შესახებ კლუბში ადრეც ვიცოდით – ჩვენმა მეგობარმა, რამაზ ნიკოლაძემ შარშანწინ ღვინოებიც ჩამოიტანა ქორეთიდან იმერული ღვინოებისადმი მიძღვნილი სემინარისთვის (ძელშავი იყო და კიდევ ერთი, თუ არ ვცდები, ქვიშხური...), თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ქორეთში რამდენიმე დღის წინ ავედით. ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი, ღვინის კლუბთან თანამშრომლობით, უკვე 2 თვეა საქართველოს იმ მარნებს აღვწერთ, რომლებიც პერსპექტივაში ტურისტის მიღებას შეძლებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ავიარეთ ქორეთში, იქ, სადაც შარვაძეების მარნები გვეგულებოდა. ნამდვილად არ მეგონა, იქ ასეთი საინტერესო კომპლექსი თუ დაგვხვდებოდა. ესაა ქვითკირით ნაგები ძალიან შთამბეჭდავი მარნების უბანი, შუკებად დაქსელილი ბორცვი, სადაც 15-მდე ძველი და შედარებით ახალი მარანია განლაგებული.

ყველა მარანი ერთი წესითაა აგებული. მარნის ცალი მხარე ღიაა, იქვე, წინ კი ქვევრებია ჩარგული და ეს მხარე სამი მხრიდან ფიცრითაა შემოღობილი. ღობე უშუალოდ მარნის ქვითკირის კედლებს ებჯინება. ნაგებობები კრამიტითაა გადახურული. თითქმის ყველა მარანშია ბუხარი, საწნახლები (ზოგან 3-4), მეღვინეობისთვის საჭირო ხელსაწყოები, ძველი ნივთები, რომლებიც ობიექტს განსაკუთრებულ ეთნოგრაფიულ დატვირთვას მისცემენ. ქვევრები ადგილობრივია, მაგალითად, სოფელ ტყემლოვანასა და სხვა სოფლებში დამზადებული. როგორც გითხარით, თითქმის ყველა მარანი მოქმედია და ქვევრები ახლაც ღვინითაა სავსე.

მოკლედ, თვალი შევავლეთ თუ არა ამ საოცრებას, ეგრევე მოგვივიდა აზრად, რომ ეს ადგილი დაცულ ძეგლად უნდა გამოცხადდეს. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იუნესკოში წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ქვევრის ღვინის უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს ეხება. საქმე ისაა, რომ 31 მარტს საქართველოდან იუნესკოში გაიგზავნა დოკუმენტი (მის მომზადებაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად ღვინის კლუბიც აქტიურად მონაწილეობდა), სანომინაციო წინადადება, რომლითაც ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის საერთაშორისო აღიარება უნდა დაიწყოს. იუნესკო წინადადებას 2013 წლის შემოდგომაზე განიხილავს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი ოფიციალურად დამკვიდრდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში.

ამ ნომინაციის მთავარი პირობა ის გახლავთ, რომ ტრადიცია არ უნდა იყოს მხოლოდ წარსულის საკუთრება, იგი აუცილებლად ცოცხლად უნდა შემოვინახოთ და საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ არქაული კულტურის გაგრძელებაში თუ დახვეწაში. დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრი ასეთი კერაა. საბედნიეროდ, ჩვენთან ქვევრში ღვინოს თითქმის ყველა კუთხეში აყენებენ, განსაკუთრებით იმატა ქვევრში ღვინის დამწურავთა რიცხვმა ბოლო წლებში, მაგრამ სოფელ ქორეთის ეს მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელსაც ჯერ ძეგლის სტატუსიც არა აქვს, მაინც ყველასგან გამოირჩევა. „მარნების უბანი” არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცოცხლობს ტრადიცია. ამაზე კარგ დასტურს ძნელად ნახავ ადამიანი, ეს არის ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ნიმუში და ილუსტრაცია.

P.S. ქორეთის მარნების კადრები შესულია 1989 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ხე მრუდე და ხე მართალი” (რეჟ. ი. ტრიპოლსკი, კონსულტანტი რ. რამიშვილი), ფილმი გიორგი ბარისაშვილმა მომაწოდა 2 თვის წინ და მეორე დღესვე YouTube-ზე ავტვირთე. ასე რომ, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ. გარდა ამისა, აკრიფეთ Google-ში „მარნების უბანი სოფელ ქორეთში”, შემოდით ჩვენს ფორუმზე და დაათვალიერეთ ფოტოები, რომელიც ამ მარნის დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები