საქართველო-ნატო

რასმუსენი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

”კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რაც ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა - საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი”, - აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან ჩიკაგოს სამიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გენერალურმა მდივანმა ყურადღება იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა და ჩიკაგოს სამიტში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომელიც სამიტის ფარგლებში გამართულ ყველა ფორმატის შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. რასმუსენის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი იმაზე მოწმობს, რომ საქართველო კვლავაც ნატოს იდეების ერთგულია.

”საქართველოს ჯარები გამორჩეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და დიდად ვაფასებთ ამ წვლილს. ეს არის საქართველოს დამოკიდებულების ძლიერი დემონსტირება ტრანსატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი.” - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციზე კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მისი განცხადებით, ორგანიზაცია საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება, 2008 წელს ბუქარესტის სამიტსა და მის შემდგომ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ცვლის და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

"ნატო-საქართველოს კომისია შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისთვის. შეხვედრაზე საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყველა პატივს სცემს. მოხარული ვართ, რომ საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია და კვლავაც დიდი სიამოვნებით გავუწევთ ქვეყანას დახმარებას რეფორმების პროცესში.” - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

კომენტარები