საქართველო-ნატო

ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტი შეაფასა

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოდან გამგზავრებისას თავისი ვიზიტი შეაფასა. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასიამოვნო იყო ქვეყნის ძველ და ახალ მთავრობასთან შეხვედრა.

"წარმატებული ვიზიტი მქონდა. აშკარაა კონსესუსი ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის საერთაშორისო თავდაცვის პოლიტიკაში და ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ვხედავ, რომ ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიულად ხდება. ეს კარგი მაგალითია ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისთვის რეგიონში და მის მიღმაც. ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო საქართველოს ნორმალურ ქვეყანად ჩამოყალიბებისკენ. საერთაშორისო საზოგადოების თვალში საპარლამენტო არჩევნები იყო გამოცდა, რომელიც ქვეყანამ წარმატებით ჩააბარა.” - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები გამართა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, გიგა ბოკერიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გრიგოლ ვაშაძესთან, ასევე პრემიერობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან.

 

კომენტარები