აშშ არჩევნები

მით რომნის მორიგი გამარჯვება

ამ კვირაში გამართულ რესპუბლიკური პარტიის წინასწარ არჩევნებზე კენტუკისა და არკანზასის შტატებში გამარჯვება მოიპოვა მით რომნიმ, რითიც მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი კიდევ უფრო მიუახლოვდა რესპუბლიკელების ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატის პოსტს.

რომნის მთავარ მეტოქეს, ამჟამინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას კენტუკის დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზე კონკურენტი არ ჰყოლია. ამის მიუხედავად, ამომრჩევლის 42 %-მა ”uncommitted vote” დააფიქსირა.

მსგავსი შედეგი განმეორდა არკანზასის შტატშიც, სადაც ობამას მოწინააღმდეგე ჯონ ვულფს ამომრჩევლის 39 %-მა დაუჭირა მხარი. ექსპერტების შეფასებით, უცნობი ტენესელი ადვოკატის მიერ ხმათა ასეთი რაოდენობის მოპოვება პრეზიდენტის მიმართ არკანზასელების პროტესტის ნიშანია.

მით რომნიმ იმავე შტატებში გამართულ რესპუბლიკურ პრეიმერიში, შესაბამისად, ამომრჩევლის 67 და 69 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა და მოწინააღმდეგეებს, რონ პოლსა და რიკ სანტორუმს დიდი უპირატესობით გაუსწრო.

ობამას მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული დამოკიდებულება ამომრჩეველმა დასავლეთ ვირჯინიის პრაიმერიზე დააფიქსირა. აქ მაისის დასაწყისში ტეხასის ციხეში მყოფმა კრიმინალმა, კიტ ჯუდმა, ხმების 37% მიიღო.

ექსპერტების აზრით, აღნიშნული შედეგები ცხადყოფს, რომ შტატების ნაწილში დემოკრატი ამომრჩევლის 40% ობამას ნებისმიერ ალტერნატივას ემხრობა, იმისათვის, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი საკუთარი პარტიის ოფიციალურ კანდიდატად აღარ იხილოს.

ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, NBC News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტისადმი წინააღმდეგობის გამო ხალხს არ ადანაშაულებს. ”ხალხი გაღიზიანებული და გაბრაზებულია.”- მიიჩნევს ბაიდენი, თუმცა იგი იმედს იტოვებს, რომ დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური ღირებულებების გამტარებელი ობამა საერთო ეროვნულ დონეზე უფრო დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს, ვიდრე მით რომნი.

 

კომენტარები