ამერიკა

ამერიკული პარტიების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები

0 კომენტარი

ნოემბერში ამერიკაში ერთდროულად გაიმართება საპრეზიდენტო, სენატის და წარმომადგენელთა პალატის არჩევნები. საარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის და ყურადღებას იპყრობს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების შეხედულებები საგარეო პოლიტიკის შესახებ. კამპანიის ფარგლებში აქცენტი ძირითადად კანდიდატების განსხვავებულ ხედვაზე კეთდება, თუმცა ბევრ საკითხში ორპარტიული კონსენსუსიც არსებობს.

მაისში, ჟურნალმა Foreign Affairs საგარეო პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა მრავლისმომცველი იყო და აფასებდა რესპონდენტების დამოკიდებულებას ბრეტონ-ვუდსის ინსტიტუტების, საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების, NATO-ს, გაეროს, ადამიანის უფლებების და სხვა პრინციპული საკითხების მიმართ. დემოკრატები და რესპუბლიკელები გამოკითხულთა თანაბარ ნაწილს შეადგენდნენ და კლინტონის, ბუშისა და ობამას ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები ეკავათ.

როგორც კვლევამ აჩვენა, ორ მთავარ პარტიას შორის საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით განსხვავებებზე საუბარი ხშირად გადაჭარბებულია. გამოკითხულთა უმრავლესობა (რესპუბლიკელები – 100%, დემოკრატები – 75%) თანხმდება, რომ ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება, თუმცა ასევე აღიარებს, რომ დღეს არსებული საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლებელია (რესპუბლიკელები – 70%, დემოკრატები – 100%). დემოკრატები ასეთი კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად ფორმალურ ალიანსებს არჩევენ, რესპუბლიკელებს კი არაფორმალური კოალიციები უფრო ეფექტურად მიაჩნიათ. გაეროს მიმართ დადებითადაა განწყობილი რესპუბლიკელების 30%, ხოლო დემოკრატების – 77,3%. გამოკითხულთა უმრავლესობა ამერიკულ კანონმდებლობას გაეროზე უპირატესად მიიჩნევს, თუმცა რესპუბლიკელების 70%, ხოლო დემოკრატების 100% მაინც თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ამერიკის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი ორგანოა.

რესპონდენტები თანხმდებიან მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზეც. მიუხედავად ამისა, დემოკრატების 71,4% მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ფინანსური რეგულაციები საჭირო და გარდაუვალია, რასაც რესპუბლიკელების მხოლოდ 31,6% იზიარებს.

გამოკითხულებს მსგავსი მოსაზრებები აქვთ საერთაშორისო ვაჭრობის შესახებაც. მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად დემოკრატების 76,4%, ხოლო რესპუბლიკელების 89,5% მიიჩნევს. სავაჭრო ხელშეკრულებებიდან ამ უკანასკნელთა უდავო ფავორიტი ჩრდილოატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც აშშ-ს, კანადასა და მექსიკას 1994 წლიდან აერთიანებს. ზოგადად, რესპუბლიკელები (57,9%), დემოკრატებისგან განსხვავებით (18,2%), თვლიან, რომ რეგიონული შეთანხმებები ამერიკულ ინტერესებს უკეთ იცავს, ვიდრე საერთაშორისო ხელშეკრულებები. მიუხედავად ამისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გამოკითხულთა ორივე ჯგუფში მაღალი რეიტინგით სარგებლობს (85-86,4%).

სხვა ორგანიზაციებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს NATO, თუმცა არც დემოკრატები (50%) და არც რესპუბლიკელები (10%) არ მიესალმებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების ყველა შესაძლო შემთხვევაში გამოყენებას.

ორივე პარტია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ატომური და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობას, თუმცა ამ ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებებში გაწევრიანებას (როგორიცაა: ქიმიური იარაღების კონვენცია, გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, სტრატეგიული იარაღების შემცირების ხელშეკრულება) რესპუბლიკელები დემოკრატებზე უფრო დიდი სიფრთხილით უყურებენ.

ტერორიზმს მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევს რესპუბლიკელების 89,5%, ხოლო დემოკრატების მხოლოდ 52,4%. ადამიანის უფლებების დაცვას პრიორიტეტულად მიიჩნევს დემოკრატების მხოლოდ 47,6%, განსხვავებით რესპუბლიკელების 84,2%-საგან. კლიმატის ცვლილების რესპუბლიკელთა მხოლოდ 11% მიიჩნევს აქტუალურად, განსხვავებით დემოკრატთა 76%-სგან.

ასევე მნიშვნელოვანია განსხვავება ინდივიდუალურ საერთაშორისო მოთამაშეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. დემოკრატები ავღანეთსა (9,1%) და ერაყს (13,6%) პრიორიტეტად არ მიიჩნევენ და ისრაელთან პარტნიორობას, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით (100%), ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ (45,5%).

ამერიკელი ამომრჩევლის საგარეო პოლიტიკური პრეფერენციები არჩევნებზე გამოვლინდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები