აშშ-ის ანგარიში

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო პოზიციას შეფასების პირველ ჯგუფში ინარჩუნებს

აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული საქმიანობის შეფასებას ეხება. დოკუმენტის თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პოზიციას შეფასების პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ძირითად სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა სახსრები ტრეინინგებისთვის, რომლებიც ტრეფიკინგის პრევენციისათვის არის განკუთვნილი. დოკუმენტში აგრეთვე, მითითებულია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბიუჯეტში შეიტანა ადამიანით ვაჭრობის მსხვერ­პლთა თავ­შე­საფ­რებისთვის განკუთვნილი თანხები.

”წლების შემდეგაც მონობა აშშ-ში და მსოფლიოში კვლავ არსებობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 27 მილიონი მამაკაცი, ქალი და ბავშვი იმის მსხვერპლნი არიან, რასაც ”ადამიანებით ვაჭრობა” ჰქვია.” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ანგარიშის წარდგენისას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რამდენიმე ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოცაა, სხვადასხვა ზომები მიიღეს ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ ანგარიშს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ამზადებს – მათ შორის, ამერიკის საელჩოებიდან, სხვადასხვა მთავრობის წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. გასული წლის ანგარიშში საქართველო ასევე შეფასების პირველ კალათაში იმყოფებოდა. 

 

კომენტარები