ფეხბურთი

ერთი თასის 13 ფინალი

0 კომენტარი

კვირას, პირველ ივლისს, კიევში ევროპის მეთოთხმეტე ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა და სანამ ეს მომხდარა, გავიხსენოთ წინა 13 ფინალი, მათი მასპინძლები, მონაწილეები, გმირები და ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც გადამწყვეტ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.

საბჭოთა კავშირის ნაკრები. 1960
– საბჭოთა კავშირი

მაშინ ტურნირს ანრი დელონეს სახელობის ევროპის ერთა თასის გათამაშება ერქვა, ფინალურ ეტაპზე კი ოთხჯერ ნაკლები გუნდი მონაწილეობდა, ვიდრე ახლა.

საფრანგეთში სათამაშოდ მხოლოდ სამი ქვეყნის რჩეული ფეხბურთელები ჩავიდნენ: სოციალისტური ბანაკის წევრები ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია და საბჭოთა კავშირი. ფინალში ეს უკანასკნელნი გავიდნენ.

ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა: 43-ე წუთზე მილან გალიჩმა იუგოსლავია დააწინაურა, 49-ეზე კი სლავა მეტრეველმა საპასუხო გაიტანა. მეტრეველი იმ დროს მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელი გახლდათ.

112-ე წუთზე ვიქტორ პონედელნიკმა გაიბრწყინა – მიშა მესხის პასის შემდეგ თავით შეაგდო გადამწყვეტი გოლი. მეტრეველთან და მესხთან ერთად საფრანგეთში კიდევ ერთი ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი – მცველი გივი ჩოხელი.

საზეიმო ბანკეტი ეიფელის კოშკის რესტორანში გაიმართა. ამბობენ, რომ საბჭოთა დელეგაციას სწორედ იქ ესტუმრა მადრიდის რეალის ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ და მესხის და მეტრეველის დათმობა სთხოვა, თუმცა მართლა მოხდა თუ არა ეს, არავინ იცის.

ფრანც ბეკენბაუერი და ჰელმუტ შიონი. 1972
– ესპანეთი

ევროპის პირველი ჩემპიონი საბჭოთა კავშირი კვლავ გავიდა ფინალში – მეტოქე ტურნირის მასპინძელი ესპანეთი იყო. პირთამდე სავსე ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე ქვეყნის მმართველი ფრანკოც მივიდა – კაუდილიომ საპატიო სტუმართა ლოჟაში ქვეყნის მომავალ მეფესთან ერთად შეაბიჯა.

მე-7 წუთზე ხესუს მარია პერედამ შესტერნიოვს და შუსტიკოვს ძალიან უხეში შეცდომა არ აპატია და ანგარიში გახსნა, თუმცა წამებში ყველაფერი თავიდან დაიწყო: ჰუსაინოვმა საპასუხო გოლი გაუტანა ირიბარს. 84-ე წუთზე პერედამ ფლანგიდან ჩააწოდა და მარსელინიომაც თავით მეორე გოლი გაუტანა ლევ იაშინს – 2:1.

გენერალი ფრანკო სიხარულს ვერ მალავდა, ფინალური ეტაპის ოთხივე მონაწილე კი – ესპანეთი, საბჭოთა კავშირი, უნგრეთი, დანია – მეორე დღეს სამეფო ოჯახს ესტუმრა.

იტალიის ნაკრები. 1968
– იტალია

იმ დროს ტურნირს უკვე ევროპის ჩემპიონატი ერქვა. იტალიაში გამართული შეჯიბრება მრავალმხრივ საინტერესო იყო და დღემდე უნიკალურია: ფინალი ორჯერ გაიმართა!

იტალიამ იუგოსლავიასთან პირველი გადამწყვეტი თამაში ვერ მოიგო: ჯაიჩის გოლი 81-ე წუთზე დომენგინიმ გაქვითა. ორი დღის შემდეგ მეტოქეები კვლავ გავიდნენ მინდორზე. ამჯერად ფერუჩიო ვალკარეჯის იტალიამ 2:0 გაიმარჯვა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ იტალიამ პირველი ტიტული მოიპოვა!

მას შემდეგ სკუადრა აძურა კიდევ ორჯერ გახდა ფიფას ოქროს თასის მფლობელი, მაგრამ ევროპირველობა ვეღარ მოიგო.

1972 – გფრ

70-იანი წლები ტოტალური ფეხბურთის ეპოქა იყო, ჰელმუტ შიონის ბუნდესნაკრები კი ამ მიმდევრობის ერთ-ერთი მქადაგებელი.

დასავლეთგერმანელები იმ წელს პირველად გავიდნენ ფინალში, საბჭოთა კავშირი კი, რომლის დაცვაშიც კაპიტანი მურთაზ ხურცილავა და რეზო ძოძუაშვილი შეუცვლელნი იყვნენ – მესამედ.

შიონის შესანიშნავმა გუნდმა ბელგიური ფინალი 3:0 მოიგო: ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ბომბარდირი გერდ მიულერი ორჯერ გაჩნდა იქ, სადაც საჭირო იყო და დუბლი შეასრულა. ერთხელაც ვიმერმა დაარტყა ზუსტად. სამშობლოში დაბრუნებული ჩემპიონები საფეხბურთო კავშირმა მერსედესის ახალი მოდელებით და 25-25 ათასი მარკით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთი თვით ადრე მიუნხენის ოლიმპიაშტადიონი ამ გუნდების ამხანაგურით გაიხსნა. გერმანელებმა 4:1 მოიგეს.

მიშელ პლატინი. 1984
– ჩეხოსლოვაკია

იუგოსლავიაში გამართული ევროპირველობა საუკეთესო და უკანასკნელი იყო ოთხგუნდა ჩემპიონატების ისტორიაში – მასპინძლებს, ჩეხოსლოვაკიელებს და მსოფლიოს 1974 წლის პირველობის ფინალისტებს – გფრ და ჰოლანდია – თამაშში მინიმუმ 4 გოლი გაჰქონდათ.

ვაცლავ ეჟეკის ჩეხოსლოვაკიამ ნახევარფინალში ჰოლანდია 3:1 დაამარცხა, ფინალში კი ევროპის ჩემპიონს აჯობა. მართალია პენალტებში, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! საფეხბურთო ლატარეაში ერთადერთს უმტყუნა ნერვებმა – მიუნხენის ბაიერნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბურთი კარს ააცილა. მერე ნიშნულთან ანტონინ პანენკა მივიდა და დაწოლილ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – 5:3.

ეჟეკის ბიჭებმა თასი ასწიეს, დარტყმის იმ სტილს კი, რამაც ჩეხოსლოვაკიას მთავარი ჯილდო მოუტანა, მას შემდეგ პანენკას პენალტი ჰქვია.

იურგენ კლინსმანი. 1996
– გფრ

იტალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მეორედ უმასპინძლა ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირს. ეს იყო კონტინენტის პირველი რვაგუნდა ჩემპიონატი.

ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა გერმანია, გი ტისის ბელგია კი პირველად. ბუნდესგუნდმა ჰორსტ ხრუბეშის დუბლით მოიგო. ჰამბურგის ფორვარდმა მეორე გოლი 89-ე წუთზე შეაგდო.

ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელად პირველად აღიარეს ერთდროულად ორი მოთამაშე: 20 წლის ბერნდ შუსტერი და 24 წლის კარლ-ჰაინც რუმენიგე. კალე იმ დროს ევროპაში საუკეთესო იყო – 1980 და 1981 წლებში ოქროს ბურთი ჩაიბარა.

რამდენიმე თვით ადრე იმ გერმანიამ საბჭოთა კავშირს ამხანაგური გაკვეთილი ჩაუტარა თბილისში: ვ.ი.ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე 3:1 მოიგო.

1984 – საფრანგეთი

ეს პლატინის ტურნირი იყო! მძიმე მეტალურგია აქ არაფერ შუაშია – ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგზე, იმ წლების ევროპის უძლიერეს ფეხბურთელზე მიშელ პლატინიზე ვამბობთ, რომელმაც დელონეს თასი ჩაიბარა.

საფრანგეთი პირველად გახდა არათუ ევროპის, ზოგადად, საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული. ის საფრანგეთი მიშელ პლატინის საფრანგეთი იყო და იმ გუნდმა პარიზში, ნანტში, სენტ-ეტიენში, მარსელსა და ისევ პარიზში ზღაპრულად ითამაშა: 1:0, 5:0, 3:2, 3:2, 2:0!

ამ 14 გოლიდან 9 ნანსიში დაბადებულმა მეათე ნომერმა შეაგდო – არც მანამდე და არც მას შემდეგ 9 ბურთი ევრობომბარდირს არ გაუტანია! ბოლო, მეცხრე გოლი მიშელმა ფინალში საჯარიმოდან შეუგდო ესპანელ არკონადას.

მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი. 1988
– ჰოლანდია

ჰოლანდიამ ევრო 88 წაგებით დაიწყო, მარკო ვან ბასტენმა კი სათადარიგოთა სკამზე.

ჰოლანდიამ ევრო 88 ანრი დელონეს თასით დაასრულა, მარკო ვან ბასტენმა კი საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის ტიტულებით.

მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე რინუს მიხელსის გუნდი ფავორიტი იყო, მარკომ კი ზღაპრული გოლი გაიტანა. მის დარტყმას, რომელსაც საბჭოელთა მეკარემ რინატ დასაევმა ვერაფერი გაუგო, ფრანც ბეკენბაუერმა XX საუკუნის გოლი უწოდა.

ჰოლანდია პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, მიხელსმა კი განაცხადა, რომ 1974 წლის კოშმარი – ამავე სტადიონზე წაგებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, როგორც იქნა, დაივიწყა.

1992 – დანია

დანიელი ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად ისვენებდნენ, როცა მათ ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიქარდ მიოლერ-ნილსენი შეეხმიანა და კოპენჰაგენში შეკრება უბრძანა. დანია უეფამ ომში გახვეული იუგოსლავიის ნაცვლად დაუშვა ჩემპიონატში.

მერე რაც მოხდა, ყველამ იცის: დინამიტმა ოთხჯერ დაიქუხა და ფინალშიც გავიდა.

მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია იყო, თუმცა დანიის მეხუთე „აფეთქებას” ბუნდესგუნდიც შეეწირა: იენსენმა მე-18, ვილფორტმა კი 78-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს.

დანიელთა ლიდერი ბრაიან ლაუდრუპი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჩემპიონთა ფორვარდი ჰენრიკ ლარსენი კი ბომბარდირი გახდა.

დანიელებმა დაუვიწყარი გამარჯვება კიმ ვილფორტის ქალიშვილს მიუძღვნეს, რომელიც მძიმე დაავადებით იტანჯებოდა. ფეხბურთელი ყოველდღე ბორნით დადიოდა შვედეთიდან შინ მის მოსანახულებლად.

1996 – გერმანია

ბუნდესნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, თუმცა ოთხი წლის წინანდელისგან განსხვავებით, ფეხბურთის სამშობლოში თასი მოიგო – დუშან უჰრინის ჩეხეთის ნაკრები ბირჰოფის ოქროს გოლით 2:1 დაამარცხა.

ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა თავდამსხმელი 69-ე წუთზე მეჰმეთ შოლის ნაცვლად ჩართო თამაშში. იმ დროს ჩეხები პატრიკ ბერგერის პენალტით იგებდნენ, მაგრამ ხუთ წუთში ბირჰოფმა თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 95-ე წუთზე კი კიდევ ერთხელ გაისროლა და ფეხბურთის ისტორიაში პირველი ოქროს გოლიც შეაგდო.

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა იურგენ კლინსმანმა ანრი დელონეს სახელობის თასი ბრიტანეთის დედოფლისგან ჩაიბარა.

რამდენიმე თვით ადრე კლინსმანმა თბილისში გაიტანა ორი გოლი: მისი ზუსტი დარტყმებით გერმანიამ საქართველო გადაჭედილ პაიჭაძეზე დაადუმა – 0:2.

დიმიტრიოს პაპადოპულუსი. 2004
– საფრანგეთი

ორი წლით ადრე, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, საფრანგეთმა იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფრანგებმა ევროფინალშიც იმარჯვეს: 103-ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ ფრანჩესკო ტოლდოს კარში ოქროს გოლი შეაგდო და აპენინელთა ოცნება დაასრულა. იტალია, რომელსაც ევრო 68-ის გამარჯვებული დინო ძოფი წვრთნიდა, 1982 წელს მოგებული ფიფას ოქროს თასის შემდეგ პირველ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო. სკუადრა აძურა იგებდა კიდეც როტერდამულ ფინალს, მაგრამ მსაჯის დამატებული დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე სილვენ ვილტორმა ანგარიში გაათანაბრა.

საფრანგეთის ნაკრებმა მეორედ მოიგო კონტინენტის უძლიერესი გუნდი სახელი, ზინედინ ზიდანი კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ევრო 2000-ის დასრულებისთანავე იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა იუვენტუსმა ოქროს გოლის ავტორი ტრეზეგე გადაიბირა.

ესპანეთის ნაკრები. 2008
– საბერძნეთი

ევროპის XII ჩემპიონატი პორტუგალია-საბერძნეთით დაიწყო და ასევე დასრულდა. გახსნის მატჩი ბერძნებმა 2:1 მოიგეს, ფინალი – 1:0. ოტო რეჰაგელის გუნდმა ბერძნული მითების ბოლო თავი დაწერა.

ფინალში, ლისაბონის ულამაზეს და ლუშზე ერთადერთი გოლი გავიდა: ანგელოს ხარისტეასმა 57-ე წუთზე თავით დაარტყა ზუსტად. მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი და მისი რჩეული პორტუგალიელები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ – თასმა პირენეის ნახევარკუნძულიდან ეგეოსის ზღვისკენ გაცურა.

ჩემპიონთა კაპიტანი თეოდოროს ზაგორაკისი ევრო 2004-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საბერძნეთი კი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ფლეი-ოფში გოლი არ გაუშვა.

2008 – ესპანეთი

ჯერ რუსეთთან 4:1 იყო. მერე 2:1 შვედეთთან და საბერძნეთთან. მეოთხედფინალში იტალიასთან 0:0 და უკეთესად შესრულებული პენალტები. ნახევარფინალში ისევ რუსეთი და ამჯერად 3:0.

გადამწყვეტ თამაშში ლუის არაგონესის ესპანეთი ევროპის სამგზის ჩემპიონის გერმანიის პირისპირ დადგა.

იოახიმ ლიოვის კარგად გაპოხილი და საათივით აწყობილი გუნდი-მანქანა ესპანელებმა მაინც მოშალეს: ხავიმ ტორესისკენ გააძვრინა ბურთი, ნაცნობ სიტუაციაში კი ელ ნინიომ აუღელვებლად ითამაშა – 1:0. ფერნანდომ ევროფინალი 17-წლამდელებშიც მოიგო და ორი წლით უფროსებშიც და ორივეჯერ გადამწყვეტი გოლი შეაგდო!

ეს იყო ესპანეთის ნაკრების პირველი ტიტული 44 წლის შემდეგ.

ლუის არაგონესი გამარჯვებული წავიდა.

ის ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა.

მასთან ერთად ესპანეთმა მსოფლიოს გადმოხედა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები