ლათინური ამერიკა

ბრძოლა ჩავესის მემკვიდრეობისათვის

0 კომენტარი

უგო ჩავესი
ვენესუელაში, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, მწვავდება სპეკულაციები ქვეყნის პრეზიდენტის, უგო ჩავესის გარშემო. ოპოზიციის მტკიცებით, პარტიასა და ჩავესის შიდა წრეებში აქტიურად დაიწყეს (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში) მისი შემცვლელის კანდიდატურების განხილვა. ოფიციალურად ამ ცნობებს არ ადასტურებენ, მაგრამ ცხადია, რომ პირველი პირის ავადმყოფობის გამო ელიტას გარკვეული ზომების მიღება მოუწევს. თუმცა, ქვეყნის მმართველობის ფორმიდან გამომდინარე, მათ დიდი არჩევანი გააჩნიათ. დრო კი ვენესუელის სტაბილურობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ქვეყნის პირველი პირი რამდენიმე თვეა სიმსივნეს ებრძვის. სხვადასხვა გამოთვლებით, მას წელიწადზე ნაკლები აქვს დარჩენილი და შესაძლოა, არჩევნებამდე ვერ იცოცხლოს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს საჯარო გამოსვლების სიმცირე: მანამდე მხურვალე ორატორი ჩავესი დღეს შედარებით მოკრძალებული მიმართვებით შემოიფარგლება, იანვრიდან მოყოლებული კი დროის უმეტესი ნაწილი ჰავანაში გაატარა, სადაც სამი ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია ჩაუტარეს. ამის მიუხედავად, ჩავესის მტკიცებით, ის განიკურნა და შემოდგომის კენჭისყრაშიც დააყენა კანდიდატურა. ჯანმრთელობაზე ოპოზიციონერების მხრიდან აპელირებას კი ლიდერი მის წინააღმდეგ წამოწყებულ

ვიცეპრეზიდენტი ელიას ხაუა
„ფსიქოლოგიურ ომს” უწოდებს.

პოლიტიკური ელიტის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ალტერნატიული ლიდერის არარსებობითაა ნაკარნახევი. ჩავესი ერთადერთია, ვინც მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს, ეს კი მისი ქარიზმისა და სოციალური პროგრამების დამსახურებაა. ნავთობის რესურსების შემოსავლით უზრუნველყოფილი ვენესუელა ამომრჩევლის მიმხრობას სხვადასხვა ტიპის სუბსიდიების, საცხოვრებელი ბინების, უფასო უმაღლესი განათლებისა და სხვა მრავალი სოციალური პაკეტის უზრუნველყოფით ახერხებს.

დიოსდადო კაბელო
ამ დროს კი გავრცელდა ცნობები, რომ მისმა დაახლოებულმა წრეებმა შემცვლელის ძებნასა და ძალაუფლების გადაცემის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. ერთ-ერთი კანდიდატია ვიცეპრეზიდენტი ელიას ხაუა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სოფლის მოსახლეობასთან. საუბრობენ საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლას მადუროს ალტერნატივაზეც, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს ქვეყნის მთავარი მოკავშირის, კუბის კომუნისტურ მთავრობასთან.

კიდევ ერთი პრეტენდენტია ჩავესის ძმა ადნანი. სწორედ მან გააცნო ახალგაზრდა ჩავესს მარქსისტული იდეოლოგია და თავის დროზე ახლო ურთიერთობები ჰქონდა კუბელ ძმებ კასტროებთან. კიდევ ერთი ალტერნატივა კი ადნანის ქალიშვილი როზა/როსა ვირჯინია გახლავთ – იგი ბოლო დროს ხშირად დაჰყვება ლიდერს.

ჩავესის შიდა წრიდან მისი ერთგულებით გამოირჩევა არმიის მეგობარი, ყოფილი ჯარისკაცი და ამჟამად ეროვნული

ნიკოლას მადურო
ასამბლეის ხელმძღვანელი დიოსდადო კაბელო. ჩავესის გაპრეზიდენტების შემდეგ სწორედ კაბელო დაეხმარა მას 2002 წელს, 48-საათიანი გადატრიალების დროს ხელისუფლების დაბრუნებაში. ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა ჩავესმა მას ერთგულება დაუფასოს და მემკვიდრედაც დანიშნოს. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ საბოლოო არჩევანი ოჯახის რომელიმე წევრზე შეაჩეროს.

ჩავესის გარემოცვის ზოგიერთი ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ იგი პოსტს არ დათმობს და მხოლოდ სიკვდილი თუ შეაჩერებს. ლიდერის ამგვარი უდრეკი პოზიცია კი ქვეყანას ქაოსამდე მიიყვანს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ეკა ბესელია

კომენტარები