რუსეთი

პუტინმა მაკარევიჩის წერილს უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ანდრეი მაკარევიჩის წერილზე, რომელშიც ამ უკანასკნელმა პუტინს კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორუფციის სიძლიერეზე პასუხისმგებლობა ბიზნეს სექტორსაც ისევე ეკისრება, როგორც ხელისუფლებას. მისი თქმით, წერილი კერძო სექტორის წარმომადგენლებს უნდა გაეგზავნოთ, რადგან სწორედ ისინი ახდენენ მნიშვნელოვანწილად ასეთი სიტუაციების პროვოცირებას. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით არაეფექტური იქნებოდა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია აღმზრდელობითი კომპონენტი, ასევე სათანადო ეკონომიკური პირობებისა და ინსტრუმენტების შექმნა, საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლა და ა.შ.  „მე უკვე აღვნიშნე, რომ საჭიროა მივმართოთ სამეწარმეო საზოგადოებას, რადგან მნიშვნელოვანწილად ისინიც ამ გზით მიდიან და ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას საკუთარ კონკურენტებზე, მათ შორის სახელმწიფო შეკვეთების დროს", - ამბობს პუტინი.

მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმა პუტინს ღია წერილი გუშინ მიწერა. მასში ის აღნიშნავდა, რომ კორუფციული სისტემის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს. „თუ 5-6 წლის წინ კორუფციული გარიგებების სიხშირე ქვეყანაში საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, დღეს ეს 70%-მდეა გაზრდილი. ასეთ შემთხვევაში ხალხმა სასამართლოს უნდა მიმართოს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან ჩვენი სასამართლო ან მანქანაა არასასურველ პირთა დასასჯელად ანდა მოსარჩელეთაგან ფულის ამოღების აპარატი“, - ამბობდა წერილში Машина времени -ის ლიდერი.

 

 

კომენტარები