დევნილთა სამინისტრო

დევნილთა დახმარებისთვის განკუთვნილი ნივთებით სავსე 5 საწყობი აღმოაჩინეს

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა 5 არარეგისტრირებული საწყობი აღმოაჩინა, სადაც 2008-2009 წლებში დევნილთათვის გადასაცემი ნივთები ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაავრცელა.

აღმოჩენილ ნივთებს შორისაა - მაცივრები, საწოლები, თეთრეული, საბნები, ლეიბები, ჭურჭელი, ხალიჩები, ტელევიზორები, გაზის ბალონები და ა.შ., აგრეთვე პროდუქტი - მაკარონი, მარილი, წიწიბურა.  

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის თქმით, საწყობებში შენახული საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების საერთო ღირებულება ჯამში 3 მილიონ 5 ათას ლარს აღწევს და მათი დიდი ნაწილი გამოყენებისთვის უკვე უვარგისია. 

სამინისტრომ მასალები შემდგომი გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. 

კომენტარები