დევნილთა სამინისტრო

სახელმწიფო დევნილებს 2015 წლის 1 იანვრამდე აღებულ იპოთეკურ სესხს დაუფარავს

სახელმწიფო იმ დევნილ ოჯახებს, რომლებმაც 2015 წლის 1-ლ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს, სესხს დაუფარავს. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და 2015 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება.

„იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება“, - აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება; ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

კომენტარები