დევნილთა სამინისტრო

სუბელიანი: ამ მარაგს რეზერვის სახით ვინახავდით და ვიყენებდით განსახლების პარალელურ რეჟიმში

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ აღმოჩენილ საწყობებთან დაკავშირებით, ტაბულა დევნილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს, კობა სუბელიანს დაუკავშირდა.

როგორც სუბელიანმა ტაბულას განუცხადა, თვითონ ტერმინი "აღმოაჩინეს" არასწორი ფორმულირებაა, რადგან ''აღმოსაჩენი არაფერი არ იყო''.

"ეს საწყობები არ შეიძლებოდა ყოფილიყო სამინისტროს ბალანსზე, იმიტომ რომ სამინისტროს საკუთრება არ იყო. იყო გაფორმებული ხელშეკრულება და იქ ინახებოდა ეს ნივთები, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ დევნილებს დავურიგეთ. ამ მარაგს კი რეზერვის სახით ვინახავდით და პერიოდულად ვიყენებდით განსახლების პარალელურ რეჟიმში", - აღნიშნა კობა სუბელიანმა.

სუბელიანი ბრალდებებს აბსურდულად აფასებს და ამბობს, რომ ეს რეზერვი ამჟამინდელ ხელისუფლებასაც დასჭირდება და საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

"ეს არის რეზერვები, რომელიც სამინისტრომ საჭიროებისამებრ უნდა გამოიყენოს. უამრავი პროცესი ექნებათ განსახლების, ამდენი ხალხი ჰყავთ დასაკმაყოფილებელი. ზოგს სოფლად განასახლებენ, ზოგს ქალაქად. ვისაც ქალაქში განასახლებ, იმას, რა თქმა უნდა, შეშის ღუმელს ვერ მისცემ, რადგან ქალაქში ამის საჭიროება არ არსებობს, ხოლო სოფლად გამოსადეგია და ა.შ. დაუსვით კითხვა - არ დასჭირდებათ ეს შეშის ღუმელები და გაზის ბალონები?", - აცხადებს კობა სუბელიანი.

 

 

 

კომენტარები